ახალი ამბებისაზოგადოება

მთავრობას საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა სურს

17 აპრილი, 2018 • 3473
მთავრობას საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა სურს

საქართველოს მთვარობა, გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით, ტყის ეროვნულ აღრიცხვას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეისწავლიან ტყით დაფარულ იმ ტერიტორიასაც, რომელიც სახელმწიფო ტყის ფონდის მიღმაა.

აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირეს. ცვლილებები საქართველოს ტყის კოდექსში შედის. ცვლილებების მიხედვით, შემოდის ტერმინი “ტყის ეროვნული აღრიცხვა”, რაც მართვის ორგანოებს, სახელმწიფო ტყის აღრიცხვის გარდა, სხვა ფართობების აღრიცხვის შესაძლებლობასაც მისცემს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანი განსხვავდება ტყის მართვის დონის აღრიცხვისგან და მონაცემთა უფრო ფართო და ზოგად ბაზას გულისხმობს, რაც გამოიყენება მაღალი დონის პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის და არა უშუალოდ ტყის მართვის დროს.

ცვლილებების შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციაში შევა საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვისა და სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის ორგანიზება, ტყის მონიტორინგისა და სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრის წარმოების წესის დადგენა, ხოლო ტყის ეროვნული აღრიცხვის უფლებამოსილება შესაძლოა მიენიჭოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როგორც ამ სექტორში ქვეყანაში ძირითად პასუხისმგებელ ორგანოს.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მიზანია საქართველოს ტყისა და მისი რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყეების მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი და ტყესთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგება.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს, ტყის მმართველობის ორგანოსა და ტყის დაცვის სტატუსის მიუხედავად. ინფორმაცია შეგროვდება დაახლოებით 6600 სანიმუშო ფართობიდან, რომლებიც განლაგდება 3.6 x 3.6 კმ ბადეზე. წარმოდგენილი სანიმუშო ფართობები იქნება მუდმივად მონიშნული და მათზე განხორციელდება ტყის ფართობების რეგულარული შეფასება ყოველ 10 წელში.

კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ტყის ეროვნული აღირცხვის შედეგად ინფორმაციას მიიღებენ ტყის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მახასიათებლების, ტყის განვითარებისა და დეგრადაციის, ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირებისა და ტყეებში დაგროვებული ნახშირბადის მარაგების შესახებ.

ტყის ეროვნული აღრიცხვა მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროა სატყეო პოლიტიკასთან დაკავშირებული პროცესებისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის, მათ შორის არსებული პოლიტიკის შეფასების და ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო ანგარიშგებისათვის, წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის მიხედვით, ეს ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას გამოიწვევს ორი დამატებითი საშტატო ერთეულის თანმდებობრივი სარგოსთვის, რაც მთლიანად 38 400 ლარს შეადგენს წლიურად. აღნიშნული დაფინანსება საჭირო იქნება 2019 წლიდან, რადგან პირველი ტყის ეროვნული აღრიცხვა იგეგმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გრანტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი