“გიორგი მარგველაშვილის შემდეგ, რომელიც ცოტა ხანში ოფიციალურად შეუდგება ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობებს, ჩვენ გვეყოლება ახალი პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჩვენი გუნდის ერთ–ერთი საყრდენი წევრია პირველი დღეებიდანვე და ამას განაპირობებდა არა მხოლოდ მისი სიახლოვე ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკაში მოსვლამდე, არამედ მისი პიროვნული თვისებები, საქმიანი თვისებები, მისი ნიჭი და უნარი, ძალიან მძიმე და კრიტიკულ სიტუაციებში აეღო პასახისმგებლობა, ემოქმედა და ეაზროვნა მასშტაბურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმისთვის.
განვლილი ერთი წლის განმავლობაში, მან უკვე საქმით დაამტკიცა, რომ შეუძლია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეების კარგად გაძღოლა, ის არის კომუნიკაბელური, მართვის უნარი აქვს და ყველა ის თვისება, რაც პრემიერ–მინისტრს უნდა ქონდეს. მან, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა პარტიაში აქტიურობითაც, ასე რომ, ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობა ამ თვალსაზრისით სრულად ვართ ჩამოყალიბებული”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, 17 ნოემბრიდან საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს თავის გადადგომას. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად დასახელდება უმრავლესობის მიერ და პრემიერ–მინისტრი თავად შეთავაზებს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას.
მისივე თქმით, იგი ცვლილებებს არ ელის მთავრობის შემადგენლობაში და თუ ცვლილებები მაინც მოხდება, უსუფაშვილის თქმით, მას მცირე მასშტაბები ექნება:
“თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ წარმატებული ხელისუფლება და მთავრობა, მაშინ წარმატებული ხალხი რატომ უნდა წავიდეს მთავრობიდან?! ბიძინა ივანიშვილი იყო სხვა შემთხვევა, იგი წავიდა წარმატების ზენიტში, მაგრამ ასე ჰქონდა მას ნათქვამი”
შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ნოემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პრემეირად მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას კი პარლამენტი დაამტკიცებს 17 ნოემბრის შემდეგ.