ახალი ამბები

კბილაშვილი: ბრალდება იმ საქმეებზე, რომელშიც ახალაია გამართლდა, სრულადაა დასაბუთებული

1 ნოემბერი, 2013 •
კბილაშვილი: ბრალდება იმ საქმეებზე, რომელშიც ახალაია გამართლდა, სრულადაა დასაბუთებული

ბრალდება ორივე საქმეში არის სრულად დასაბუთებული და მას არანაირი პრობლემა იმაზე, რომ განაჩენი დადგეს გამამტყუნებელი, არ გააჩნია.

 

“პირველ გამამართლებელ განაჩნში, რომელიც დადგა, ჩვენ ვედავებოდით ახალაიას და სხვა პირებს, რომ აწამეს 19 სპეცრაზმელი, მათ ჩაუკეტეს აბანოში კარები, სადაც  რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ზამთარში, საკვების გარეშე, გათბობის გარეშე. აი, ამ ეპიზოდის განხილვის დროს სასამართლომ, რომელმაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, დაადასტურა, რომ მართლაც 19 ჯარისკაცი აწამეს, რომ ისინი იყვნენ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი და განაჩნში ჩაწერა კიდეც, აწამესო, მაგრამ მიბმა ახალაიასთან ამ ფაქტის იყო, რომ ახალაია ამბობდა, “წაიყვანეთ ეს ჯარისკაცები და მოასვენეთო” და მოსამართლემ იფიქრა, რომ ეს ბრძანება მართლაც მოსასვენებლად გადაყვანას გულისხმობდა და არა იმას, რაც მოხდა. სასამართლომ თქვა, რომ ბაჩანა ახალაიას გასაღები ხელში არ ეჭირა და მას გასაღებით კარები არ დაუკეტავს. ასეთი აზროვნება, რომელიც ჩვენ მოსამართლემ შემოგვთავაზა, მიუღებელი და დაუსაბუთებელია”, – განაცხადა კბილაშვილმა “რუსთავი 2″–ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში”. მისი თქმით, აბანოში წაყვანის ბრძანებას ნაცისტებიც გასცემდნენ, თუმცა ეს ბრძანება პირდაპირი მნიშვნელობით არ სრულდებოდა.

 

მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ საქმეები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს წაგებულად, თუკი სამივე ინსტანციის სასამართლო იგივე განაჩენს დატოვებს:

 

პროცესი მიდის და იმ შემთხვევაში, თუ სამივე ინსტანციის შემდეგ განაჩენი იგივე დარჩება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი წაგებულია. მანამდე ეს არის შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს”, – განაცხადა კბილაშვილმა.


აღნიშნულ საქმეზე, რომელიც სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების კოლექტიურ დასჯას, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეს და ვაზიანის ბრიგადაში ერთ-ერთი ოცმეთაურის, პაატა პაატაშვილის ცემის ფაქტს ეხება, პროკურატურა განაჩენის შეცვლას ითხოვს. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს, 1 ნოემბერს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი