ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა თავისუფლების ქარტიაში ცვლილებების პროექტზე მუშაობს

1 ნოემბერი, 2013 •
საპარლამენტო უმრავლესობა თავისუფლების ქარტიაში ცვლილებების პროექტზე მუშაობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, ლევან ბერძენიშვილმა და თამარ კორძაიამ “თავისუფლების ქარტიაში” შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც “კომუნისტური-ტოტალიტარული” სიმბოლიკის გამოყენებას ეხება.

 

თამარ კორძაია აცხადებს, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კომუნისტურ-ტოტალიტარული მემკვიდრეობის გააზრებაზე იმუშავებს:


“ამ კანონში დევს ასეთი პუნქტი, რომ კომისია უნდა შექმნილიყო, რომელიც ყველა იმ საკითხზე იმსჯელებდა, რაც უკავშირდება კომუნისტურ-ტოტალიტარულ მემკვიდრეობას. ეს კომისია არსებობდა ფურცელზე. ამ კომისიის შექმნის მიზანი არის, საფუძვლიანად გავიაზროთ კომუნისტურ-ტოტალიტარული მემკვიდრეობა და ყველაფერს დაერქვას თავისის სახელი.”

 

მისივე თქმით, “თავისუფლების ქარტიაში” ფორმულირებები შესასწორებელია:


“თავისუფლების ქარტიაში” არის ტერმინი “საბჭოთა სიმბოლიკა”, ასეთ ტერმინს არ იცნობს არც ევროკავშირი, არც ევროსბჭო. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს კანონი დავაახლოვოთ ევროპულ სტანდარტებთან და შემოგვაქვს ტერმინი “კომუნისტური-ტოტალიტარული სიმბოლიკა”. ასევე შემოგვაქვს განსაზღვრება, რას გულისხმობს ეს ტერმინი და საერთოდ ეს რეჟიმი.”

 

რაც შეეხება სანქციებს, კორძაია განმარტავს, რომ შეზღუდვები ფიზიკურ პირებზე არ ვრცელდება და ის მხოლოდ საჯარო მოხელეებს შეეხება. მისივე თქმით, ფიზიკური პირი ადგილობრივი თვითმმართველობის მიწაზე ძეგლებს ვერ აღმართავს:


“ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისათვის დადგენილი შეზღუდვა. მაგალითად, თვითმმართველობა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ამა თუ იმ ქუჩას დაარქვას კომუნისტური-ტოტალიტარული რეჟიმის ამსახველი სახელი, გარდა ამისა, ფიზიკურმა პირმა არ შეიძლება თვითნებურად ადგილობრივი თვითმმართველობის კუთვნილ მიწაზე დადგას, ვთქვათ, ძეგლი. აი, ამ ტიპის შეზღუდვებს ითვალისწინებს, თორემ სახლში ფიზიკური პირი როგორ ჩაიცვამს, როგორ მოიქცევა, ამ ქმედებებზე კანონი, ბუნებრივია, შეზღუდვებს არ აწესებს.”

 

კორძაია განმარტავს, რომ ცვლილებებით, საჯარო სივრცეში მემარცხენე სიმბოლიკის გამოყენება არ აიკრძალება, თუ პირი საჯარო მოხელე არ არის:


“თუ ის კონკრეტული მოქმედების განხორცილებისას, როგორც ხელისუფალი, ისე გამოდის, მაშინ ვრცელდება. თუ სამუშაო დრო არ არის, შეზღუდვა არ ვრცელდება.”

 

დეპუტატის განმარტებით, კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და მისი მოსმენა კომიტეტებზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი