ახალი ამბები

უსუფაშვილი: პარლამენტი რამდენიმე თვეში თბილისში იმუშავებს

1 ნოემბერი, 2013 •
უსუფაშვილი: პარლამენტი რამდენიმე თვეში თბილისში იმუშავებს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილი აპარატის თანამშრომლების თხოვნას გამოეხმაურა პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით. უსუფაშვილი პასუხისმგებლობას იღებს, რომ რამდენიმე თვეში პარლამენტი თბილისში იმუშავებს:


„თანამშრომლებმა გააგრძელონ მუშაობა ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე და მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ეს საკითხი გვარდება და რამდენიმე თვეში ჩვენ შეგვეძლება ვიმუშაოთ თბილისში, პარლამენტის შენობაში, რუსთაველზე. იქ სარემონტო სამუშაოები მიდის და შენობის აღჭურვა ხდება. რაიმე კონსტიტუციური საკითხი ამას არ და ვერ დააბრკოლებს. ამ საკითხს ვერაფერი დააბრკოლებს და მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილებები, მათ შორის იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა კანონი იქნება ამისთვის საჭირო. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენი თანამშრომლების წინაშე, რომ ეს ასე იქნება. კონსტიტუციური ცვლილებები, რომელსაც კომისია მოამზადებს, მიღებული იქნება იმ კვორუმით და ისეთი კვორუმით, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და რომელზეც ვენეციის კომისიასთან გვექნება კონსულტაციები,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას, რომელიც პარლამენტს შეკრებას მხოლოდ ქუთაისში ხდის დასაშვებს, მხარი დაუჭირა. თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებს ბიუროს გადაწყვეტილებით კენჭს დღეს არ უყრიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი