ახალი ამბებისამართალი

გედევან ფოფხაძე თანაპარტიელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს

16 აპრილი, 2018 • 3417
გედევან ფოფხაძე თანაპარტიელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მისივე მოადგილემ და თანაგუნდელმა გედევან ფოფხაძემ “იმედის კვირის” ეთერში დაადანაშაულა მისი ფაქსიმილიის უკანონო გამოყენებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

სოფო კილაძე ბრალდებებს უარყოფს. ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ “ამ არასერიოზულ სისულელეებში მონაწილეობას არ აპირებს”.

“მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენს შორის, მივლინებაში იყო და ჩემი ფაქსიმილია გამოიყენა ჩემი ნებართვის გარეშე. მე ვერ გავიგე, ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებს ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი, რომ ხალხო, ამას რატომ აკეთებს ადამიანი, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია,”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ “იმედის კვირასთან”.

ამავე გადაცემაში მან ისაუბრა, რომ სოფო კილაძესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

“ადამიანური დაპირისპირება რომ არის, ეს გამოჩნდა. ის, რომ მე და სოფო კილაძე ერთმანეთს არ ვესალმებით, ეგ ისედაც იგრძნობა, რომ შემოვდივარ დარბაზში, მე მაგას არ ვუყურებ, ის მე არ მიყურებს, ვჯდები, ხელს ვაწერ და გავდივარ,”-განაცხადა მან.

“გედი არის ცილისმწამებელი კაცი” – განაცხადა სოფო კილაძემ “იმედთან” საუბრისას და აღნიშნა, რომ თუკი გედევან ფოფხაძემ მართლაც დაფარა კილაძის სავარაუდო დანაშაული, მაშინ თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში:

“ჭორაობას და ცილისწამებას მას ურჩევნია, რომ საქმე გააკეთოს და ის საქმე რაშიც ხელფასს იღებს, ეს ნამდვილად გააკეთოს იმიტომ, რომ საერთოდ არ დადის კომიტეტზე, საქმის გაკეთებაზე რომ არაფერი ვთქვათ. რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მხოლოდ ერთ რამ შემიძლია ვთქვა, როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილია, როდესაც ფიზიკურად არ ვიყავი ქვეყანაში, ჩინეთში ვიყავი და ჩინეთიდან თუ ფაქსიმილიას გაყალბება შეიძლება, მაშინ, კი ბატონო, ჩამიდენია დანაშაული. მეორე თემაც – იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს დაფარავს, თვითონვე უნდა მიეცეს პასუხისგებაში,”- განაცხადა სოფო კილაძემ.

დღეს, 16 აპრილს, წინა დღით ეთერში გასულ კომენტარებთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძე განმარტებებს აღარ აკეთებს. იგი მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერის გამოქვეყნებით ჟურნალისტი არაკორექტულად მოიქცა, რადგანაც მას ეგონა, რომ ინტერვიუს ამ ნაწილში მიკროფონი გამორთული იყო:

“ეს ინფორმაცია გავიდა ტელეკომპანია იმედზე კერძო საუბრის ჩაწერის დროს, როდესაც მე ვიცოდი, რომ კამერა იყო გამორთული და მიკროფონი არ მუშაობდა. ეს არის აბსოლუტურად პრივატული ხასიათის ინფორმაცია, რომელსაც მე ჟურნალისტს ვაწვდიდი, და არ მიმაჩნია საჭიროდ ამაზე საჯარო სივრცეში საუბარი… რომ მდომებოდა, რომ საჯაროდ მელაპარაკა, საჯაროდ ვისაუბრებდი. კერძო საუბარში სხვანაირი აქცენტები იყო. მაგ თემაზე კომენტარს საერთოდ არ ვაკეთებ,”- ამბობს გედევან ფოფხაძე.

ფაქსიმილიის გაყალბებაზე სიუჟეტი 2017 წლის ნოემბერში რუსთავი 2-მა მოამზადა. აქ საუბარი იყო, რომ გედევან ფოფხაძის ხელმოწერა კომიტეტის აპარატში სოლიდური პრემიების გამოსაწერად გამოიყენეს. მაშინ გედევან ფოფოხაძემ ჟურნალისტებთან მომხდარის შესახებ ინფორმაცია უარყო.

ნეტგაზეთმა პროკურატურას მიმართა კითხვით, დაინტერესდებიან თუ არა ინფორმაციით შესაძლო დანაშაულზე, რომელზეც გედევან ფოფხაძემ “იმედის კვირაში” ისაუბრა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი