საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება კანონიერია:
“ჩვენი ოპონენტები საუბრობენ მორალურ მხარეზე, მაგრამ ცინიკურია და კომიკური მათი მხრიდან ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ სწორედ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა შეწყალებული რუსეთის ჯაშუში შკილნიკოვი და ვაჰაგან ჩახალიანი, რომელიც სომხური სეპარატიზმის ყველაზე უფრო მთავარი და საშიში წარმომადგენელია. ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ მათ პრობლემები შეუქმნა პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, იმან, რომ მრავალი ადამიანი, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ისხდნენ ციხეში, ამ აქტით გათავისუფლდნენ.”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუმართლებელი და დანაშულებრივია:
“ამათგან რომელი ადამიანია პოლიტიკური დევნილი, რომლებზეც ბატონი ბარნოვი საუბრობდა? რეციდივისტი, მკვლელი, მძარცველი, ყაჩაღი – ბარნოვის და სააკაშვილის მოსაზრებით არიან პოლიტიკური დევნილები. ეს გასაგებია, იმიტომ, რომ ფატობრივად, ვინც ციხიდან გამოუშვეს, მენტალურად ხელისუფლების წარმომადგენლები ერთი-ერთში გვანან მათ, ავაზაკებს, ყაჩაღებს და ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება საზოგადოებაზე ძალადობდნენ. ფერი-ფერს, მადლი-ღმერთს. მოაწერა ხელი ამ ვაჟბატონმა და თვითონ გადაიხვეწა ბრიუსელში. რატომ გამოდის ასეთი ადამიანი ციხიდან? ამიხსნას ვინმემ, ყაჩაღს რა უნდა ქუჩაში? “ბარიგას” რა უნდა ქუჩაში? როცა ჩვენ ვებრძვით კრიმინალს, როცა ჩვენ ვიღებთ კანონებს, რომ როგორმე შევზღუდოთ თუნდაც სააფთიაქო ნარკოტიკების რეალიზაცია ქვეყანაში. იცით, ამაზე რამხელა ვნებათაღელვა იყო და აქეთ საყვედურს გვეუბნებოდნენ, რატომ იღებთ ასეთ შეზღუდვებსო და მეორე ხელით აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, წასული უკვე პოლიტიკურ მოუსვლელში, ჩვენ ასეთ ადამიანებს გვიტოვებს ქუჩაში. ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და დანაშულებრივი გადაწყვეტილება.”
მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებულებს შორის არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა.
ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმა დავით ადეიშვილი, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, ყოფილი პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანი.