ახალი ამბები

არა, “ფეისბუქი” არც იხურება და არც ფასიანი ხდება – ვირუსული ვიდეო და ტექსტი ყალბია

15 აპრილი, 2018 • 7716
არა, “ფეისბუქი” არც იხურება და არც ფასიანი ხდება – ვირუსული ვიდეო და ტექსტი ყალბია

“თუ ამ ტექსტს 18 სხვადასხვა ადამიანს გაუგზავნით თქვენი კონტაქტებიდან, თქვენი ფეისბუქ ლოგო ლურჯი იქნება და მისით უფასოდ ისარგებლებთ. თუ არ გჯერათ, ხვალ, ექვს საათზე “ფეისბუქი” დაიხურება და მის გასახსნელად საფასურის გადახდა მოგიწევთ”, – ასე იწყება ტექსტი, რომელიც დღეს “ფეისბუქის” უამრავმა მომხმარებელმა დაბნეული მეგობრებისგან მიიღო. თითქოსდა მარკ ცუკერბერგის განცხადებამ ლამის ყველა ჩატი მოიარა, რადგან მომხმარებელთა დიდი ნაწილი მართლაც შიშობს, რომ თუ მოცემულ ინსტრუქციას ზედმიწევნით არ შეასრულებს, ხვალიდან მათთვის “ფეისბუქის” ვარსკვლავი ჩაესვენება.

ტექსტს დართული აქვს ვიდეოც, რომელშიც თითქოს მარკ ცუკერბერგი საზოგადოებას “ფეისბუქის” დახურვის გადაწყვეტილებას ამცნობს. კადრებში ჩანან ადამიანები, რომლებიც სოციალური ქსელის დამფუძნებლის მიმართვას უსმენენ და სხვადასხვაგვარ რეაქციას გამოხატავენ. ვიდეოც და ტექსტით “ფეისბუქის” როგორც ქართველ, ისე სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებელთა განხილვის თემაა.

რეალურად, ყველაფერი ძალიან მარტივია: როგორც ტექსტი, ისე მასზე დართული ვიდეო, ყალბია. არცერთი მოცემული განცხადება ცუკერბერგს არასდროს გაუვრცელებია. თუ გადაამოწმებთ, ნახავთ, რომ აღნიშნულმა ვიდეომ სოც. ქსელი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მოიარა. მასში ცუკერბერგი მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით ჩნდება და კადრებს მის ხმაზე მიმსგავსებული ხმა ადევს. ნამუშევარს პროფესიონალის ხელი მართლაც ეტყობა: სხვა თუ არაფერი, ტექსტი ერთი-ერთში ემთხვევა “ფეისბუქის” დამფუძნებლის პირის მოძრაობებს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი სიმულაციით ბევრს ვეღარ გააკვირვებ.

არავინ იცის, ყალბი ცნობების თუ სხვა მიზეზთა გამო, თუმცა ცუკერბერგმა კითხვა, “იქნება თუ არა “ფეისბუქი” ყოველთვის უფასო?”, სენატორ ორინ ჰეჩისგანაც მოისმინა, როდესაც 10 აპრილს სენატის ორი კომიტეტის წევრთა კითხვებს პასუხობდა “კემბრიჯ ანალიტიკის” სკანდალთან დაკავშირებით. მაშინ ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ “ყოველთვის იარსებებს “ფეისბუქის” ვერსია, რომელიც უფასო იქნება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი