ახალი ამბები

მოქალაქემ გუგლს სასამართლოში საქმე მოუგო”დავიწყების უფლების” შესახებ

13 აპრილი, 2018 • 2695
მოქალაქემ გუგლს სასამართლოში  საქმე მოუგო”დავიწყების უფლების” შესახებ

ბიზნესმენმა საძიებო სისტემა გუგლს “დავიწყების უფლების” გამო სასამართლო დავა მოუგო. BBC- ის ცნობით, მოსარჩელის სახელი უცნობია, იგი კომპანიას საძიებო სისტემიდან იმ ინფორმაციის წაშლას სთხოვდა, რომელიც მის მიერ ჩადენილ წარსულ დანაშაულს უკავშირდება.

ბიზნესმენი, რომელიც გუგლს ედავებოდა, 10 წლის წინ ცნეს დამნაშავედ საკომუნიკაციო ხაზების უკანონო მოპოვებისთვის და მან ციხეში 6 თვე გაატარა. მოსამართლე მარკ ვარბიმ მისი სარჩელი დღეს, 13 აპრილს დააკმაყოფილა, თუმცა მან იგივე არ გააკეთა კიდევ ერთი ბიზნესმენის სარჩელთან დაკავშირებით “დავიწყების უფლებაზე”, რომელსაც უფრო სერიოზულ დანაშულს ედავებოდნენ. მას ანგარიშების უკანონო მოპოვება ედებოდა ბრალად და ციხეში 4 წელი გაატარა.

ორივე ბიზნესმენი გუგლისგან ითხოვდა წაეშალა ინტერნეტ მისამართები მათი დანაშაულებრივი წარსულის შესახებ, მათ შორის, ახალი სტატიებიც, რადგან ისინი აცხადებდნენ, რომ ეს სტატიები აღარ იყო რელევანტური. მოსარჩელეებმა მას შემდეგ მიმართეს სასამართლოს, რაც კომპანიამ უარი უთხრა მოთხოვნის შესრულებაზე. კომპანია დღეს აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებენ.

[blue_box]როგორ გაჩნდა “დავიწყების უფლება”[/blue_box]

2010 წელს ესპანეთის მოქალაქემ ერთ-ერთი გაზეთის, “Google.es” და “Google.inc”-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მის შესახებ განთავსებული ინფორმაციის წაშლა მოითხოვა. საქმე ეხებოდა მის სახლს, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული და აუქციონის წესით უნდა გაყიდულიყო 1998 წელს. მომჩივნის განცხადებით, ეს ქონებრივი დავა დასრულებული იყო, ამიტომ ინფორმაცია გახლდათ არასწორი და არარელევანტური, ასევე, არღვევდა მისი პირადი ცხოვრების უფლებას.

მომჩივანს ორი მოთხოვნა ჰქონდა: 1. გაზეთს წაეშალა ან იმგვარად შეეცვალა გვერდი, რომ მის შესახებ პერსონალური ინფორმაცია არ გამოჩენილიყო და 2. გუგლის ესპანურენოვან და საერთაშორისო გვერდებს წაეშალათ მასთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული ცნობები, ეს ინფორმაცია კი ძებნისას აღარ უნდა გამოჩენილიყო.

ესპანეთის სასამართლომ აღნიშნული დავა თავად ვერ გადაწყვიტა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) მიმართა. დილემას რამდენიმე საკითხი ქმნიდა:

  1. ევროკავშირმა 1995 წელს შეიმუშავა კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, თუმცა ესპანეთის სასამართლოს აინტერესებდა, ვრცელდებოდა თუ არა აღნიშნული რეგულაცია ისეთ საძიებო ელექტრონულ სისტემებზე, როგორიცაა Google.
  2. შესაძლებელი იყო თუ არა, აღნიშნული რეგულაცია გავრცელებულიყო კომპანიის ესპანურენოვან ვებ-გვერდზე მაშინ, როცა ინფორმაცია, რომლის წაშლასაც მოქალაქე ითხოვდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერზეა შენახული.
  3. ჰქონდა თუ არა მოქალაქეს საერთოდ იმის უფლება, რომ საძიებო სისტემიდან მოეთხოვა პერსონალური ინფორმაციის წაშლა?

ესპანეთის სასამართლომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე მიიღო პასუხი. 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განაცხადა:

  1. ევროკავშირის კანონების ტერიტორიულ გავრცელებაზე: თუნდაც სერვერი ფიზიკურად ევროპის გარეთ მდებარეობდეს, ევროკავშირის კანონები ვრცელდება საძიებო სისტემებზე, თუ კომპანიას ფილიალი ან ბიურო აქვს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე.
  2. გამოიყენება თუ არა ევროკავშირის კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საძიებო სისტემებზე: საძიებო სისტემები აკონტროლებენ პერსონალურ მონაცემებს, ამიტომ Google ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ევროკავშირის კანონმდებლობის წინაშე მხოლოდ იმაზე ხაზგასმით, რომ ის საძიებო სისტემაა, მაშინ, როცა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს.
  3. დავიწყების უფლებაზე: ადამიანებს აქვთ უფლება, გარკვეულ შემთხვევებში მოსთხოვონ საძიებო სისტემას, წაშალონ მათთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, Google-მა ონლაინ ფორმატში განცხადებების მიღების პლატფორმა შექმნა, სადაც მოქალაქეები კომპანიისგან მათ შესახებ პირადი ინფორმაციის შემცვლელი ბმულების წაშლას ითხოვენ. “გარდიანის” ინფორმაციით, ამ პლატფორმის შექმნიდან 24 საათში კომპანიამ 12 000 ამგვარი მოთხოვნა მიიღო. კომპანიის ცნობით, ბმულებს არა სპეციალურად შექმნილი ალგორითმი, არამედ ადამიანები წაშლიდნენ. 2014 წლის ივნისში კომპანიამ ბმულების წაშლა ეტაპობრივად დაიწყო. ჯამში, კომპანიამ 280 000 ამგვარი მოთხოვნა მიიღო.

დავიწყების უფლების შესახებ წაიკითხეთ ვრცლად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი