ახალი ამბები

“დავიწყების უფლება” საქართველოსა და მსოფლიოში

28 აპრილი, 2017 • 5282
“დავიწყების უფლება” საქართველოსა და მსოფლიოში

შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს, მოითხოვოს მის შესახებ ონლაინ სივრცეში განთავსებული ინფორმაციის წაშლა ან მასზე წვდომის შეზღუდვა? აქვს თუ არა მას ე.წ. დავიწყების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაშია უზრუნველყოფილი.

მოქალაქის პერსონალური მონაცემების დაცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს. აღნიშნული კანონის თანახმად, ონლაინ სივრცეში არსებული ინფორმაცია შესაძლოა წაიშალოს ორ შემთხვევაში: 1) თუ ის უკანონოდ არის განთავსებული და 2) თუ კანონიერად იყო განთავსებული, თუმცა გასაჯაროების მიზანი მიღწეულია და აღარ არსებობს მისი გასაჯაროების საჭიროება.

ინსპექტორის აპარატისთვის არაერთ მოქალაქეს მიუმართავს მონაცემების ინტერნეტში გასაჯაროების კანონიერების განხილვის მოთხოვნით. როგორც აპარატში იხსენებენ, მოქალაქეები ითხოვდნენ საერთო სასამართლოების ვებ-გვერდზე მათ შესახებ გამოქვეყნებული საჯარო შეტყობინებების და  სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაციის წაშლას. ეს მოთხოვნა მათ დაუკმაყოფილდათ.

იყო შემთხვევა, როდესაც მოქალაქე ითხოვდა წარსულში მისი ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდიდან წაშლას, რაც ასევე დაუკმაყოფილდა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეს აძლევს საშუალებას იდავოს, თუ რამდენად კანონიერადაა მის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული და ამ ინფორმაციის წაშლაც მოითხოვოს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე. შესაბამისად, მათთვის ამ კანონის რეგულირებები არ არის სავალდებულო, რაც იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ რომელიმე მედიასაშუალებამ შესაძლოა პირს უარი უთხრას ინფორმაციის ამოღებაზე.

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ პირდაპირ საძიებო სისტემებს, მაგალითად, როგორიცაა Google, მიმართონ მათ შესახებ კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის შესახებ. ეს რეგულაცია მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ მედიასაშუალება ვინმეს საქართველოში უარს ეტყვის მის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის შესახებ, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე დიდ და ცნობილ საძიებო სისტემასთან ამის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი არ აქვთ:

“ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ უფლება, მოითხოვონ საძიებო სისტემებიდან, კერძოდ კი, google-დან მათ შესახებ მოძველებული და არარელევანტური ინფორმაციის ამოღება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ევროკავშირის მოქალაქეებს გაუჩნდათ უფლება, სპეციალური ფორმის მეშვეობით მიმართონ გუგლს და მოითხოვონ მათ შესახებ შეუსაბამო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები აღსასრულებლად სავალდებულოა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ამდენად, საქართველოს მოქალაქეები აღნიშნული უფლებით ვერ სარგებლობენ”,- აცხადებენ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატში.

დღეს ევროკავშირსა და “Google”-ს შორის დავა სწორედ იმის შესახებაა, უფლება “იყოს დავიწყებული” მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებზე უნდა ვრცელდებოდეს, თუ დანარჩენ მსოფლიოზეც. ამ საკითხზე დავა კომპანიასა და ევროპას შორის საფრანგეთის უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს, რადგან კომპანია ამგვარი მოთხოვნის შესრულების წინააღმდეგია.

საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანომ  (CNIL) Google-ს 21 ბმულზე წვდომის შეზღუდვის მოთხოვნით მიმართა. კომპანიამ ეს მოთხოვნა შეასრულა და საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების საძიებო სისტემებიდან ეს ბმულები ამოიღო. კომპანიამ ამ ბმულებზე წვდომა შეუზღუდა იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ, თუმცა Google. Com-ს იყენებენ.  CNIL ამით არ დაკმაყოფილდა და  ითხოვს, რომ კომპანიამ მონაცემები სრულად ხელმიუწვდომელი გახადოს მსოფლიოს ყველა წერტილში. მათი განცხადებით, მხოლოდ გუგლის ევროპული ვერსიებიდან ლინკებზე წვდომის დაბლოკვა არაა საკმარისი და სათანადოდ არ იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მაშინ, როცა იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომია Google.com-ზე და ეს ვებ-გვერდი ევროპის ქვეყნებში ჩვეულებრივ მუშაობს:

“ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ “დავიწყების უფლება” ევროპაში იყოს დაცული. პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეროვნულ დონეზე მონაცემთა დაცვის ორგანომ შესაძლებელია გააკონტროლოს კონტენტზე წვდომა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მოთხოვნა არაპროპორციული და არასაწორაა, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთის ინტერნეტ მომხმარებლების უმეტესობას (97%) წვდომა აქვს Google-ის საძიებო სისტემის ევროპულ ვერსიაზე,”- აცხადებენ კომპანიაში.

[blue_box]როგორ გაჩნდა “დავიწყების უფლება” [/blue_box]

პერსონალური მონაცემების დაცვა, როგორც უფლება, დიდი ხანია არსებობს, თუმცა ინტერნეტ სივრცის მასშტაბურობამ და ყოვლისმომცველობამ პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის რეფორმის საჭიროების შესახებ საუბარს ბიძგი მისცა. 2012 წლის იანავარში ევროკომისია მონაცემთა დაცვის რეფორმის ინიციატივით გამოვიდა. 2016 წლის მაისში რეგულაციის ტექსტი ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა და 24 მაისს ამოქმედდა, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებს მათი ეროვნულ კანონმდებლობის დონეზე ადაპტირების ვადა 2018 წლის 6 მაისამდე აქვთ.

რეფორმა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უკეთესად აკონტროლონ მათი პერსონალური ინფორმაცია. მონაცემთა დაცვის ახალი წესები ძირითადად სწორედ ციფრულ ბაზარს შეეხება. ის, რომ დიგიტალური სივრცე სპეციფიკურ ხაზგასმას საჭიროებდა საკანონმდებლო დონეზე, “დავიწყების უფლების ინიციატორი” საქმის განხილვაც მოწმობს, რადგან მაშინ ეროვნული სასამართლო “დაიბნა”, ვინაიდან არ იცოდა კანონის მოქმედება, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეების პირად ინფორმაციას იცავს, მიემართებოდა თუ არა საძიებო სისტემებზე.

2010 წელს ესპანეთის მოქალაქემ ერთ-ერთი გაზეთის და “Google.es” და “Google.inc”-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მის შესახებ განთავსებული ინფორმაციის წაშლა მოითხოვა. საქმე ეხებოდა მის სახლს, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული და აუქციონის წესით უნდა გაყიდულიყო 1998 წელს. მომჩივნის განცხადებით, ეს ქონებრივი დავა დასრულებული იყო, ამიტომ ინფორმაცია გახლდათ არასწორი და არარელევანტური, ასევე, არღვევდა მისი პირადი ცხოვრების უფლებას.

მომჩივანს ორი მოთხოვნა ჰქონდა: 1. გაზეთს წაეშალა ან იმგვარად შეეცვალა გვერდი, რომ მის შესახებ პერსონალური ინფორმაცია არ გამოჩენილიყო და 2. გუგლის ესპანურენოვან და საერთაშორისო გვერდებს წაეშალათ მასთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული ცნობები და ეს ინფორმაცია ძებნისას აღარ უნდა გამოჩენილიყო.

ესპანეთის სასამართლომ აღნიშნული დავა თავად ვერ გადაწყვიტა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) მიმართა. დილემას რამდენიმე საკითხი ქმნიდა:

  1. ევროკავშირმა 1995 წელს შეიმუშავა კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, თუმცა ესპანეთის სასამართლოს აინტერესებდა, ვრცელდებოდა თუ არა აღნიშნული რეგულაცია ისეთ საძიებო ელექტრონულ სისტემებზე, როგორიცაა Google.
  2. შესაძლებელი იყო თუ არა, აღნიშნული რეგულაცია გავრცელებულიყო კომპანიის ესპანურენოვან ვებ-გვერდზე მაშინ, როცა ინფორმაცია, რომლის წაშლასაც მოქალაქე ითხოვდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერზეა შენახული
  3. ჰქონდა თუ არა მოქალაქეს საერთოდ იმის უფლება, რომ საძიებო სისტემიდან მოეთხოვა პერსონალური ინფორმაციის წაშლა?

ესპანეთის სასამართლომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე მიიღო პასუხი. 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განაცხადა:

  1. ევროკავშირის კანონების ტერიტორიულ გავრცელებაზე: თუნდაც სერვერი ფიზიკურად ევროპის გარეთ მდებარეობდეს, ევროკავშირის კანონები ვრცელდება საძიებო სისტემებზე, თუ კომპანიას ფილიალი ან ბიურო აქვს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე.
  2. გამოიყენება თუ არა ევროკავშირის კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საძიებო სისტემებზე: საძიებო სისტემები აკონტროლებენ პერსონალურ მონაცემებს, ამიტომ Google ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ევროკავშირის კანონმდებლობის წინაშე მხოლოდ იმაზე ხაზგასმით, რომ ის საძიებო სისტემაა, მაშინ, როცა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს
  3. დავიწყების უფლებაზე: ადამიანებს აქვთ უფლება, გარკვეულ შემთხვევებში მოსთხოვონ საძიებო სისტემას წაშალონ მათთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, Google-მა ონლაინ ფორმატში განცხადებების მიღების პლატფორმა შექმნა, სადაც მოქალაქეები კომპანიისგან მათ შესახებ პირადი ინფორმაციის შემცვლელი ბმულების წაშლას ითხოვენ. “გარდიანის” ინფორმაციით, ამ პლატფორმის შექმნიდან 24 საათში კომპანიამ 12 000 ამგვარი მოთხოვნა მიიღო. კომპანიის ცნობით, ბმულებს არა სპეციალურად შექმნილი ალგორითმი, არამედ ადამიანები წაშლიდნენ. 2014 წლის ივნისში კომპანიამ ბმულების წაშლა ეტაპობრივად დაიწყო. სულ, ჯამში, კომპანიამ 280 000 ამგვარი მოთხოვნა მიიღო.

[blue_box]დავიწყების უფლება Vs გამოხატვის თავისუფლება [/blue_box]

როდესაც “დავიწყების შესახებ უფლებაზე” ინფორმაცია გაჩნდა, მაშინვე დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ ეს უფლება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას, რომ ის ემუქრება ადამიანის უფლებას – ვიცოდეთ სიმართლე, თუმცა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ცალსახად აღნიშნა, რომ “უფლება დავიწყებაზე” არაა აბსოლუტური უფლება და თქვენს შესახებ ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა ავტომატურად არ ნიშნავს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას

მეტიც, ეს წესი მოქმედებს მაშინ, როდესაც ინფორმაცია არაა სწორი, არასაკმარისი ან არარელევანტურია. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩარევა ადამიანის უფლებაში, დაიცვას პირადი მონაცემები, არ უნდა ფასდებოდეს მხოლოდ საძიებო სისტემის ეკონომიკური ინტერესით, მეორე მხრივ, სასამართლო ცალსახად ამბობს, რომ დავიწყების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი დაცვისას დაცული უნდა იყოს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებასთან.

სასამართლო ამბობს, რომ თუ ადამიანს უნდა, მის შესახებ ინფორმაცია წაიშალოს, ამ მოთხოვნას თავისი შეზღუდვები აქვს. თითოეულ შემთხვევაში გადაწყვეტილება გარემოებების შეფასებით უნდა იქნას მიღებული. სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ საქმის ინდივიდუალური განხილვა ორივე შემთხვევაში საჭიროა, რადგან არც პერსონალური მონაცემების დაცვა და არც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება არაა აბსოლუტური უფლება. ბალანსი ინტერნეტ მომხმარებლების ლეგიტიმურ ინტერესსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას შორის უნდა დავინახოთ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოხატვის თავისუფლება საკუთარ თავში გულისხმობს პასუხისმგებლობასაც და მას აქვს საზღვრები ინტერნეტ და რეალურ სამყაროში. ეს ბალანსი შესაძლოა დამოკიდებული იყოს თავად ინფორმაციის შინაარსზე, რომლის წაშლასაც ადამიანი ითხოვს – ეს ინფორმაცია პირადი ინფორმაციაა, თუ საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს? თავად ამ საქმეზეც სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ბალანსის პოვნის მაგალითად გამოდგება მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ Google-ს დაავალა, შეეზღუდა იმ ინფორმაციაზე წვდომა, რომლის წაშლასაც ესპანეთის მოქალაქე ითხოვდა, სასამართლოს არ მოუთხოვია გაზეთის არქივისთვის, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით შეეცვალა ეს ინფორმაცია. ამ მოქალაქის შესახებ ინფორმაცია კვლავ ხელმისაწვდომია, თუ მის ნახვას ვინმე განსაკუთრებულად მოინდომებს, მაგრამ ეს ინფორმაცია იოლად ხელმისაწვდომი აღარაა და ეს საკმარისია, რომ ადამიანის პირადი სივრცე დაცული იყოს.

საძიებო სისტემებისთვის კონკრეტული ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა ნიშნავს კონკრეტულ ბმულზე წვდომის შეზღუდვას. “დავიწყების უფლება” არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ვებგვერდიდან, მათ შორის მედიასაშაულებებიდან შეიძლება წაიშალოს კონკრეტული ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული  რეგულაციებიდან გამომდინარე თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში. მედიასაშუალებებთან დაკავშირებით მოქალაქეებს შესაბამისი საჩივრებით/განცხადებებით შეუძლიათ მიმართონ თვითრეგულირების მექანიზმებს, ე.წ. ეთიკის კომისიებს ან საბჭოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი