ახალი ამბები

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას – დეპუტატების პროგნოზები

30 ოქტომბერი, 2013 •
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას – დეპუტატების პროგნოზები

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადგილზე ის ბაჩო ახალაიას შეიწყალებდა, რადგან ეს სამართლიანია. მისივე მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა:

 

“მე რომ მქონოდა პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების პატივი, შევიწყალებდი ბაჩო ახალაიას, რადგან ზოგადად სამართლიანობის იდეიდან გამომდინარე, სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ საქმეზე შეწყალების გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. მთელი ეს პროცესი, რომელიც ციხის ბუნტის საქმის განხილვას უკავშირდებოდა, ამან ნათლად დაადასტურა, რამდენად უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მე ვფიქრობ, რომ ეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა. ამ საქმის აბსურდულობა მდგომარეობდა იმაში, რომ მთავარ მოწმეებად ის ადამიანები გამოდიოდნენ, რომლებიც ქურდულ მენტალობას აღიარებენ, ე.წ. ქურდები, და ჩვენებას აძლევდნენ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც თავისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას შეალია. პრეზიდენტს აქვს უფლება შეიწყალოს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება მიღებული, არ ვიცი. მომხრე ვიქნებოდი ამ საქმეზე შეწყალება განხორციელდეს.”

 

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ბაჩო ახალაია ციხის ბუნტის საქმეზე უდანაშაულოა, თუმცა არ აკონკრეტებს, მომხრეა თუ არა მისი შეწყალების:


“ამას გადაწყვეტს თვითონ პრეზიდენტი, მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს სასამართლო იყო – “ქურდები სახელმწიფოს წინააღმდეგ”. ქურდებმა განაჩენი გამოუტანეს სახელმწიფოს. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება. მომავალში ეს მწვანე შუქს აძლევს კრიმინალს. ეს ადამიანი არის უდანაშაულო და მან ამ საქმიანობით, რაც იყო 2005-2007 წლებში, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა ქვეყანაში და ეს იყო ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი იმისა, როდესაც კრიმინალი, მაფია და ორგანიზებული დანაშაული დამარცხდა ჩვენს ქვეყანაში. “

 

იგივე პოზიცია აქვს საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთ წევრს, გიორგი კანდელაკს:


“როცა ერთადერთი საფუძველი ამ საქმის არის კანონიერი ქურდების ჩვენება, როცა ე.წ. ქურდები, ორგანიზებული დანაშაული და სახელმწიფო გამოვიდნენ ერთიანი ფრონტით, ეს არის გარკვეული სიმბოლო დღევანდელი დროის, როცა ხდება რევანში ორგანიზებული დანაშაულის. ასე რომ, მე მგონი, კომენტარი ზედმეტია”.

 

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბაჩო ახალიას შეწყალება გამორიცხული არ არის. 


“მიხეილ სააკაშვილმა, რამდენადაც ვიცი, უკვე შეიწყალა ბუტა რობაქიძის მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი, გააათავისუფლა თინა ბურჯალიანის მეუღლე, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, ადეიშვილის ძმა, ასევე გაათავისუფლა თავისი ერთ-ერთი მომხრის, ძალიან ეგზალტირებული და აღტკინებული ქალბატონის შვილი, ასე რომ, ამ ვაჟბატონისგან, ამ წარსულის აჩრდილისაგან, მიხეილ სააკაშვილისგან არაფერია გამორიცხული. არ არის გამორიცხული, ვინაიდან მან გუნავა, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო, გამოიყვანა და პირდაპირ გუბერნატორის სკამზე დასვა. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი გააღიზიანოს, ქართველ ხალხს დაამახსოვროს თავი, როგორც უკანასკნელმა ადამიანმა. არ შემიძლია ამ ადამიანზე ვისაუბრო, მაგრამ მინდა ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ეს ადამიანი ძალიან ცუდ ნაბიჯებს დგამს და სავარაუდოდ ძალიან ცუდად დაამთავრებს თვითონ,” – ამბობს უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი.

 

ჩრდილელი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი კიდევ რამდენიმე არაორდინარულ ნაბიჯს გადადგამს:

 

“არავითარ შემთხვევაში არ ვუშვებ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალებს. მე მაინც მგონია, რომ პირიქით, ის კიდევ რამდენიმე არაორდინარულ ნაბიჯს გადადგამს. ჩვენ, ქართველი ხალხი კიდევ რაღაცებს ველით მისგან. აქვს მას, ასე ვთქვათ, გეგმა 2, რომელსაც ის სავარაუდოდ განახორციელებს. ახლა წასულია და ალბათ ან თავს იმართლებს თავის უფროსებთან, ან სურს მასზე არ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ეს გამოძიების გასარკვევია.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებები აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა კანონის მიმართ. მისივე მოსაზრებით, პრეზიდენტი ბოროტად იყენებს შეწყალების ინსტიტუტს:

 

“ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კანონის მიმართ, მართლმსაჯულების მიმართ, ქვეყნის მიმართ. როდესაც ასე ბოროტად, ასე უპასუხისმგებლოად იყენებ შეწყალების ინსტიტუტს, არ მინდა უფრო მძიმე სიტყვები ვიხმარო, ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო საქციელი. შეწყალების უფლება მას კონსტიტუციამ მიანიჭა არა პოლიტიკური ნიშნით გამოსაყენებლად, არამედ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილების, გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფოებრივად პოზიტიურად ამ ინსტიტუტის გამოსაყენებლად. პრეზიდენტი კი ამას წმინდა პარტიული ნიშნით იყენებს.


ღვთის მადლით, დიდი ხანი არ არის დარჩენილი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა და ასეთ უპასუხისმგებლო საქციელებს წერტილი დაესმება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩო ახალაიას შემთხვევაში მან ეს გამოიყენოს, მან კიდევ ერთხელ გამოავლინოს არასახელმწიფოებრივი ხედვა, და პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ მე ახლა ოპოზიციაში გადავდივარ, სხვას რას უნდა ველოდოთ მისგან? “

 

ბაჩო ახალაიას ციხის ბუნტის საქმეზე ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნტები) და არაადამიანური მოპყრობის (144-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ, დ, ე და ზ ქვეპუნქტები) მუხლებით. სასამართლომ ახალაია დამნაშავედ არ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. მას მხოლოდ არაადამიანური მოპყრობისთვის მიესაჯა, რომელსაც შეეხო ამნისტია და ამის შედეგად ახალაიას სასჯელის ვადად განისაზღვრა 3.9 წლით პატიმრობა. ასევე, 2 წლით და 3 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი