ახალი ამბები

კორძაია: რაც მოხდა აჭარაში, არ უნდა განმეორდეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შემთხვევაში

30 ოქტომბერი, 2013 • • 986
კორძაია: რაც მოხდა აჭარაში, არ უნდა განმეორდეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შემთხვევაში

როგორც კორძაია აცხადებს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, კანონი ძალიან ნათელ განმარტებებს იძლევა. ის განმარტავს, რომ, პირველ რიგში, უნდა შეიქმნას კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით:


“პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებთან და პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად უნდა შეარჩიოს შემრჩევი კომისიის 9 წევრი. ეს კომისია უნდა დაკომპლექტდეს დარგის სპეციალისტებისა და სამოქალაქო სექტორისგან დასახელებული ადამიანებისაგან და ეს კომისია იქნება განმსაზღვრელი, თუ რომელ კანდიდატებს წარადგენს საქართველოს პარლამენტი შესარჩევად”.


თამარ კორძაია
თამარ კორძაია

კორძაიას განმარტებით, კანონი ძალიან ნათლად და დეტალურად ასახავს, უკვე ამ კომისიის მიერ გადარჩეული წევრებისგან როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების არჩევა:


“ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ და შემდეგ უმრავლესობა კომისიის მიერ შერჩეული წევრებისგან თავის კანდიდატებს დაასახელებს და უმცირესობა თავის კანდიდატებს. ის, რაც მოხდა აჭარაში, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა განმეორდეს, რადგან მთელი არსი კანონმდებლობის მდებარეობს იმაში, რომ უმრავლესობასაც თავის მიერ შერჩეული წევრები უნდა ჰყავდეს და უმცირესობასაც. ადრე არსებული შერჩევის პრინციპი არ ქმნიდა იმ უზრუნველყოფის გარანტიებს, რომლის თანახმადაც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ აღმოჩენილიყო ყველა წევრი სამეურვეო საბჭოსი, შესაბამისად, მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი ისე წარიმართება, როგორც კანონპროექტის შემუშავების პროცესში იყო გააზრებული და ყველას ინტერესი იქნება გათვალისწინებული”, – აცხადებს კორძაია.


მისივე თქმით, იანვრიდან უნდა მოხდეს ცხრავე წევრის ახლიდან არჩევა, მათ შორის ორს სახალხო დამცველი ასახელებს, ხოლო ერთს- აჭარის უმაღლესი საბჭო:


“ახალი ცხრავე წევრი ახლა უნდა აირჩეს, როდესაც კანონი ამოქმედდება, და შემდგომ უკვე გარდამავალ დებულებებში განსაზღვრულია, რომ შიგნით მოხდება წილისყრა და იქნებიან 2–4 და 6 წლის არჩეული წევრები”, – აცხადებს კორძაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი