ახალი ამბებიკინო

რუსუდან ჭყონია: მათ, ვინც მაკა ჩიჩუას მონაწილეობით კადრებს ავრცელებს, ვუჩივლებ

30 ოქტომბერი, 2013 • • 3333
რუსუდან ჭყონია: მათ, ვინც მაკა ჩიჩუას მონაწილეობით კადრებს ავრცელებს, ვუჩივლებ

რუსუდან ჭყონია
რუსუდან ჭყონია

რეჟისორ რუსუდან ჭყონიას თქმით, ფილმიდან, “Keep Smiling, ანუ გაიღიმეთ” ფრაგმენტის ჩვენება ნებართვის გარეშე, მისი, როგორც რეჟისორის, საავტორო უფლებას არღვევს. 

 

“ვიდეომეკობრეობა, მოგეხსენებათ, დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით, ასევე, დასჯადია ფილმის უკანონო ტირაჟირებაც. ამ კადრების ტირაჟირებით ირღვევა ჩემი, როგორც კინომწარმოებლის უფლებები, რომ არაფერი ვთქვათ დამახინჯებულ კონტექსტზე და სტატიების შინაარსზე,”- განუცხადა “ნეტგაზეთს” რეჟისორმა. 

რუსუდან ჭყონიას თქმით, ფეისბუქზე ატეხილი “ისტერია” არის ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც ქართული საზოგადოების ქალთმოძულეობას ცხადჰყოფს: 

“ჩემთვის ძალიან მძიმე იყო იმ ვულგარული სტატიების და სტატუსების კითხვა, რომლის ავტორებსაც, დარწმუნებული ვარ, ფილმი არც უნახავთ და დიდი ეჭვი მაქვს, რომც ენახათ, ბევრს ვერაფერს მიხვდებოდნენ. ასეთი ბინძური, ვითომ პოლიტიკური შავი პიარი დიდი ხანია არ მახსოვს,”- თქვა რუსუდან ჭყონიამ.  

 

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა

ფილმი “გაიღიმეთ, ანუ Keep Smiling” 10 ქალის ისტორიას ასახავს, რომლებიც 25 ათასი დოლარის მოგების მიზნით სილამაზის კონკურსში მონაწილეობენ. ერთ-ერთი პერსონაჟის როლს საქართველოს მომავალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეგობარი მაკა ჩიჩუა განასახიერებს. 

რამდენიმე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ნაწყვეტები ფილმიდან და სურათები, რომლებიც სოციალურ ქსელშიც გავრცელდა და “ეროტიკულ სცენად” მონათლეს. 

“მაკამ ითამაშა ფილმში, რომლის პრემიერაც ვენეციის ფესტივალზე შედგა, რომელმაც უამრავი ფესტივალი მოიარა. თვრამეტამდე პრიზის მფლობელია. ოთარ იოსელიანის ფილმების მერე პირველი ქართული ფილმი იყო, რომელიც ფრანგულ კინოთეატრებში გადიოდა და არაჩვეულებრივი რეცენზიები ჰქონდა “ლე მონდსა” და “ფიგაროში”. მაკამ ამ ფილმში ითამაშა ძალიან საინტერესო და რთული როლი, რომელსაც შესანიშნავად გაართვა თავი,”- ამბობს რუსუდან ჭყონია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი