“ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არსებული დაპირისპირების კონტექსტში.
“ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (თამარ ჩუგოშვილი), ესენი არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები (ზვიად ძიძიგური, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე), ეს არის უმრავლესობის ლიდერი (არჩილ თალაკვაძე), ეს არის ფრაქციის თავმჯდომარე (მამუკა მდინარაძე). პარლამენტში პროცესები იმ იერარქიის შესაბამისად უნდა წარიმართოს, რომელიც ჩამოყალიბებულია. ამას შემდეგ ემატება კომიტეტების თავმჯდომარეები და ა.შ. ეს არის ნორმალური პროცესი, როცა იერარქიის შესაბამისად განისაზღვრება ურთიერთობები. ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი. ამავდროულად, ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ყველა დეპუტატთან უმრავლესობის სხდომების ფორმატში და ამ კუთხით დისკუსიის ნაკლებლობა არ გვაქვს. 20 საკვანძო გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა გასულ წელს და ყველა მათგანზე გვქონდა სიღრმისეული განხილვა. უფრო მეტიც, ჩვენთან ძალიან დემოკრატიული პროცესებია და ხშირად თავისუფალი კენჭისყრებიც ტარდება. მაგალითად- კვოტირებასთან, ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა თანაგუნდელ შოთა შალელაშვილის კრიტიკას, რომლის აზრითაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირგვლივ უნდა შემოიკრიბოს დეპუტატების ფართო ჯგუფი და არა მხოლოდ მცირე წრე.
კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესი “უმარტივესად მოგვარდება” რამდენიმე დღეში, როდესაც უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპიტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.
დღეს, 11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.