ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას 3 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

28 ოქტომბერი, 2013 • • 1291
ბაჩო ახალაიას 3 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ახალაიას ამ საქმეზე ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნტები) და არაადამიანური მოპყრობის (144-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ, დ, ე და ზ ქვეპუნქტები) მუხლებით. სასამართლომ ახალაია დამნაშავედ არ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. მას მხოლოდ არაადამიანური მოპყრობისთვის მიესაჯა, რომელსაც შეეხო ამნისტია და ამის შედეგად ახალაიას სასჯელის ვადად განისაზღვრა 3.9 წლით პატიმრობა. ასევე, 2 წლით და 3 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.


ანალოგიური სასჯელები განუსაზღვრეს ამ საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებსაც – მეგის ქარდავას, დავით ჭაკუას და რევაზე ჭარბაძეს, ოღონდ სასამართლომ დამატებითი სასჯელის სახით მათ განუსაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.


ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

პროკურორ ლევან ადეიშვილის თქმით, გამოძიებაში შეკრებილი და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, ბრალდების მხარე ნამდვილად ელოდა დღევანდელ გადაწყვეტილებას:

 

“ჩვენ სასამართლოზე წარმოვადგინეთ არა მარტო დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებიც ამხელდნენ ახალაიას, ქარდავას, ჭაკუას და ჭარბაძეს დანაშაულის ჩადენაში, არამედ 14 მოწმის ჩვენება, რომლებიც მუშაობდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლის ერთობლიობაც, ჩვენ მიგვაჩნდა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იყო და მეტიც იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად იმ დანაშაულში, რაცაა არაადამიანური მოპყრობა, ღირსების დამცირება და უფლებამოსილების გადამეტება, მათ შორის ჩვენ ეს ბრალდებაც გვქონდა წაყენებული. ველოდით გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება განაჩენის დასაბუთებას 333-ე მუხლთან დაკავშირებით, გავეცნობით და მას შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ თუ არა,” – განაცხადა ადეიშვილმა.


როდესაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენის გამოცხადება დაიწყო, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს ბაჩო ახალაიას მეუღლემ, მშობლებმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა და სხვებმა. განაჩენის გამოცხადებას, ასევე, არ დასწრებია ბაჩო ახალაია, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი.

 

ადვოკატ გიორგი ონიანის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე შეხვდა მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს და მათი საუბარი შეეხო ახალაიას საქმეს. ონიანის თქმით, ნაცვლიშვილმა მოსამართლეს უთხრა – “ერთი- ორი წელი როგორ არ უნდა იჯდეს ახალაიაო”, რაც, როგორც ადვოკატი ამბობს, აღასრულა კიდეც დღეს მოსამართლემ.


ამ ბრალდებას გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერი მოსამართლე ეკა არეშიძე, მისი თქმით, ასეთი ფაქტის არსებობა გამორიცხულია:


“საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მხარეებთან კონტაქტი არ გვაქვს. არ ვიცი, მოსამართლე ამ საკითხზე გააკეთებს თუ არა განცხადებას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი რამ, ფაქტობრივად, გამორიცხულია”.

 

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ დღევანდელ განაჩენს.


საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს, რომელიც შეეხო სასჯელაღსრულების #1, #5 და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას, როდესაც ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი