ახალი ამბები

პრობლემა ნამდვილად არის – მდინარაძე უმრავლესობაში დაპირისპირებაზე

10 აპრილი, 2018 •
პრობლემა ნამდვილად არის – მდინარაძე უმრავლესობაში დაპირისპირებაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდიომარე მამუკა მდინარაძე უმრავლესობაში დაპირისპირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ მასშტაბური არ არის.

ეს განცხადება მდინარაძემ 10 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

“პრობლემა ნამდვილად არის, მათ შორის, ის განცხადებები, რომლებიც გუნდის რამდენიმე წევრმა გააკეთა, მაგრამ, მთავარია, რას მოჰყვა ეს ყველაფერი. იმავე ლოგიკით, თუ კვოტის ათვისების თემას ასეთი აჟიოტაჟი უნდა მოჰყოლოდა, მაშინ ჩვენ უნდა გვეფიქრა წინა პარლამენტის დროსაც. ახლაც კვოტის ათვისების გამო მხარს უჭერდა უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნას. ამიტომ ეს არასერიოზულია, არ არის რეალური ის, რომ ამის გამო ჩვენ უნდა ვიკამათოთ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. ვფიქრობ, პრობლემა არის, მაგრამ მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორსაც თქვენ მეკითხებით, ეს უახლოეს დღეებში აუცილებლად დალაგდება და გადაწყდება უმრავლესობის შიგნით,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე გვიპასუხა, რომ ჯერ უცნობია, როდის გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომელიც ამ საკითხს მიეძღვნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი