ახალი ამბები

სითი პარკი, დავის დასრულებამდე, მერიისგან ხელშეკრულების შეწყვეტის გადავადებას სთხოვს

21 მარტი, 2018 • 2162
სითი პარკი, დავის დასრულებამდე, მერიისგან ხელშეკრულების შეწყვეტის გადავადებას სთხოვს

“სითი პარკის” ადვოკატებმა,ნათია წკეპლაძემ და ალექსანდრე იოსელიანმა თბილისის მერს განცხადებით მიმართეს, რომ კომპანიასთან სასამართლო დავის დასრულებამდე გადავადდეს ხელშეკრულების შეწყვეტის უკვე გამოცხადებული თარიღი.

კომპანიის იურისტი თამარ შუბითიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, კომპანიას სასამართლოში თბილისის მერიის წინააღმდეგ ორი სარჩელი აქვს შეტანილი. სარჩელი ეხება მერიის მიერ 2017 წლის აგვისტოში და ოქტომბერში გაცემულ განკარგულებებს. “სითი პარკი” ამ განკარგულებების ბათილად ცნობას ითხოვს.

“აგვისტოში დედაქალაქის მთავრობამ გამოსცა განკარგულება შ.პ.ს სითი პარკის მიმართ. ეს განკარგულება გასაჩივრებულია საქალაქო სასამართლოში. ოქტომბრის თვეში გამოცემული განკარგულება სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა, თუმცა შემდეგ სააპელაციო სასამართლომ დააბრუნა პირველ ინსტანციაში განსახილველად. ორივე განკარგულება არის მითითება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ერთ შემთხვევაში საჯარიმო ქვითრებსა და საურავების შედგენის ნაწილზეა საუბარი, მეორე განკარგულება პარკირების ადგილების მოწყობას ეხება,” – აცხადებს “სითი პარკის” იურისტი.

თბილისის მერმა კახა კალაძემ “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. სითი პარკის იურისტის თქმით, ერთ-ერთი ასეთი შეუსრულებელი ვალდებულება, რასაც თბილისის მერია კომპანიას ედავება, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 2085 მისამართიდან, რომელიც 32 157 პარკირებას გულისხმობდა, 751 ადგილზე დაფიქსირებული ხარვეზებია.

“მერია მიიჩნევს, რომ რიგ შემთხვევებში არ არის განთავსებული ნიშნები და რიგ შემთხვევებში არ არის შესრულებული ნახაზები,”-აცხადებს კომპანიის იურისტი. თამარ შუბითიძე განმარტავს, რომ მერიის წინააღმდეგ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სარჩელი მზადდება და, სავარაუდოდ, მომავალის კვირის დასაწყისში კომპანია სარჩელს სასამართლოში შეიტანს.

“სითი პარკთან” ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან გაუქმდება, რის შემდეგაც დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო სამსახური განახორციელებს. თბილისის მერიაში ამ დროისთვის არ აქვთ პასუხი, რამდენ ხანს ექნება ეს უფლებამოსილება სატრანსპორტო სამსახურს, ან მომავალში როგორ მოხდება პარკირების სისტემის მენეჯმენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი