ახალი ამბები

კახა კალაძე: “სითი პარკის” 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება

22 მარტი, 2018 • 2094
კახა კალაძე: “სითი პარკის” 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს, “სითი პარკის” 120 თანამშრომლის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმება დაავალა.

“მათი გამოცდილება უნდა იქნეს გამოყენებული”, – თქვა კალაძემ მერიის მთავრობის 22 მარტის სხდომაზე.

კალაძის თქმითვე, ჯარიმებიდან შემოსული ყოველი თეთრი  მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და არსებული პრობლემების მოგვარებას. მან სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ასევე დაავალა, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს.

გარდა ამისა, კალაძე გამოეხმაურა “სითი პარკის” ბოლო განცხადებებს :

“სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა „სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო მოხდა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. სითი პარკის იურისტის თქმით, ერთ-ერთი ასეთი შეუსრულებელი ვალდებულება, რასაც თბილისის მერია კომპანიას ედავება, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 2 085 მისამართიდან, რომელიც 32 157 პარკირებას გულისხმობდა, 751 ადგილზე დაფიქსირებული ხარვეზებია.

“მერია მიიჩნევს, რომ რიგ შემთხვევებში არ არის განთავსებული ნიშნები და რიგ შემთხვევებში არ არის შესრულებული ნახაზები,” – აცხადებს კომპანიის იურისტი. თამარ შუბითიძე განმარტავს, რომ მერიის წინააღმდეგ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სარჩელი მზადდება და, სავარაუდოდ, მომავალის კვირის დასაწყისში კომპანია სარჩელს სასამართლოში შეიტანს.

“სითი პარკთან” ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან გაუქმდება, რის შემდეგაც დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო სამსახური განახორციელებს. თბილისის მერიაში ამ დროისთვის არ აქვთ პასუხი, რამდენ ხანს ექნება ეს უფლებამოსილება სატრანსპორტო სამსახურს, ან მომავალში როგორ მოხდება პარკირების სისტემის მენეჯმენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი