ახალი ამბები

ბურჯანაძის შტაბი ქუთაისში ე.წ. კარუსელის დატრიალებაზე საუბრობს

27 ოქტომბერი, 2013 • • 1078
ბურჯანაძის შტაბი ქუთაისში ე.წ. კარუსელის დატრიალებაზე საუბრობს

ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ივლიანე ნაჭყებია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ქუთაისში ე.წ.“ კარუსელის“ დატრიელებას შეეცადნენ:


„უმნიშვნელო დარღვევები მრავლად არის, მაგრამ განსაკუთრებით გამოიკვეთა კარუსელის არსებობა. ასეთი უბნები არის 27-ე, 35-ე, მე-40-ე, 68-ე, 82-ე, 106-ე, 107-ე, 116-ე. თითოეულ უბანზე მოდიან ადამიანები, რომლებსაც სხვა უბანზე აქვთ ხმა მიცემული და აპირებენ, რომ ხმა ამ უბანზეც მისცენ. სწორედ ეს არის კარუსელი. ეს ქმედება ჩვენი წარმომადგენლის მიერ იქნა აღკვეთილი და არა მგონია, რომ რომელიმე სხვა წარმომადგენელს დაეფიქსირებინოს იმიტომ, რომ ის ხალხი არის კომისიაში, ვისაც შეუძლია კარუსელის დატრიალება.“


ნაჭყებია ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ უბანზე ქალაქის მერიის თანამშრომელი ანრი თევდორაძეც დაფიქსირდა. მისივე მტკიცებით, არჩევნებს გამოცდილი პოლიტიკური ძალა აყალბებს:


„კარუსელი არ კეთდება ერთი და ორი უბნისთვის, კარუსელი მასიურად უნდა გაკეთდეს, თორემ 1-2 უბანზე 50 ხმისთვის ასეთი რამ არ გაკეთდება, ამის გამო არ გაირჯებიან. წარმოიდგინეთ, 127 უბანზე თუ მეორეჯერ მისცა ხმა 10-მა ადამიანმა, ეს 1270 ხმა არის, ეს სერიოზული ხმა არის, არა? ჩვენს პარტიას 10 წელია არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ვინ იბრძვის გამარჯვებისათვის? იბრძვიან „ნაციონალები“ და „ოცნება“. ოცნების წევრებზე არ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია და ალბათ – „ნაციონალები“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი