ქუთაისის ციხეში განთავსებულ 129-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 473 ამომრჩევლიდან 351 წინასწარ პატიმრობაში მყოფი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები არიან; 109 – ადმინისტრაციის თანამშრომელია, რომლებიც დღეს მორიგეები არიან, ხოლო 13 – კომისიის წევრი.
„როდესაც ხმის მიცემა დასრულდება, 75-ე უბანზე გადავიტანთ ყუთს, სადაც ხმების დათვლა მოხდება. აქ არ ვხსნით ყუთს,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე ხათუნა ჯავახაძე.
ციხის სოციალური განყოფილების უფროსი ხათუნა ჯავახაძე აცხადებს, რომ პატიმრებში ადეკვატური განწყობაა. მისივე განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობას ორი ქალიც იღებს:
„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, განწყობა პატიმრებში ადეკვატურია. მათ წინასწარ ჰქონდათ მიღებული ინფორმაცია, ბროშურები დაურიგდათ, სააგიტაციო მასალებიც განთავსებულია იმ ადგილებში, სადაც ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრები მოძრაობენ. ასევე, ერთგვერდიანი მასალები დაურიგდათ კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ. დაწესებულებაში ნებადართულია ტელევიზორით სარგებლობა და მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს ინფორმაცია კარგად აქვთ იმის შესახებ, თუ ვის რა პროგრამა აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში.“