ორგანიზაცია 12:00 საათის მონაცემებით დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ავრცელებს ცნობებს:
“ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უფრო მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 20-მდე მცირე და 22 შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 22 საჩივარი”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
დარღვევების მხრივ ტენდენციის სახით ორგანიზაცია შემდეგ გარემოებებს გამოყოფს:
- საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ უბანზე შეიმჩნევა ბიულეტენების საჭიროზე ნაკლები რაოდენობა;
- ცესკო საარჩევნო სუბიექტის წარმდგენ პოლიტიკურ პარტიას (ბლოკს) საპრეზიდენტო არჩევნების სუბიექტებად განიხილავს და, შესაბამისად, საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო კანდიდატს რეალურად ორი წარმომადგენელი ჰყავს, რაც, ჩვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციაა და ეწინააღმდეგება მე-8 მუხლის მე-15 ნაწილის მიზანს, რომლის თანახმადაც, თითოეულ სუბიექტს თითო წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს;
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სხვა დარღვევებზეც საუბრობს:
1. დამკვირვებლების არშეშვება უბანზე
- საბურთალოს საარჩევნო ოლქის 49-ე და თელავის საარჩევნო ოლქის 26-ე უბანზე ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებს არ უშვებდნენ უბანზე;
2. წილისყრის გარეშე ფუნქციების განაწილება
- ქობულეთის საარჩევნო ოლქის 38-ე უბანზე გადასატანი ყუთის წასაღებად კომისიაში წილისყრით ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი ადამიანი გამოავლინეს;
- დაახლოებით იგივე მოხდა გარდაბნის 43-ე უბანზე, სადაც გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მხოლოდ ერთი წევრი შეირჩა წილისყრით, მეორე კი თავმჯდომარემ თავად დანიშვნა;
3. ბეჭდების პრობლემა
- ბოლნისის საარჩევნო ოლქის 62-ე უბანზე ბეჭდებს არ გაუკეთეს ნაკვეთური და ისე დაიწყეს მისი გამოყენება. მოგვიანებით ბეჭდებს გაუკეთდა ნაკვეთური, თუმცა სინჯი არ აღებულა და არც შენიშვნა/ახსნა განმარტება დაწერილა;
- მარნეულის საარჩევნო ოლქის 49-ე უბანზე თავმჯდომარემ მხოლოდ ერთ ბეჭედს გაუკეთა ნაკვეთური, დანარჩენები კი ნაკვეთურის გარეშე გამოიყენება.
4. აგიტაცია კომისიის წევრის მიერ
- თერჯოლის საარჩევნო ოლქის მე-11 უბანზე კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა და დემონსტრაციულად შემოხაზა სასურველი კანდიდატი, რაც მის მიერ აგიტაციის გაწევად უნდა იქნას მიჩნეული.
5. საარჩევნო უბანზე შეშვება მარკირების შემოწმების გარეშე
- მარნეულის 59-ე და ჭიათურის 32-ე ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველთა ნაწილს არ უმოწმებდნენ მარკირებას.
6. შემაჯამებელ ოქმზე ნაადრევი ხელმოწერა
- ჩხოროწყუს 21-ე უბანზე დილის 10 საათისვის კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს შემაჯამებელ ოქმს. ხელმოწერილი ოქმი გადამალეს.