ახალი ამბები

ISFED: საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი გაუმჯობესებულია

27 ოქტომბერი, 2013 •
ISFED: საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი გაუმჯობესებულია

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

ორგანიზაციამ მონოტორინგის შედეგები 11:00 საათის მონაცემებით წარმოადგინა.


„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი გაუმჯობესებულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა უბანზე შესვლისა და დაკვირვების განხორციელების საშუალება. 

 

“ეს პროგრესია წინა არჩევნებთან მიმართებაში, როცა უბანზე დაუშვეს “სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლების 98%. პირველი ამომრჩევლის მისაღებად 8 საათისთვის მზად იყო საარჩევნო უბნების 96%, ხოლო 2012 წელს – უბნების 91%. ამასთან, რადგან წარსულში არსებობდა კითხვები გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით, “სამართლიანი არჩევნები’’ მიესალმება იმ ფაქტს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 16 ადამიანს. 2012 წელს აღნიშნული მონაცემი იყო 21 ამომრჩეველი. ჩვენი დაკვირვებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში დარეგისტრირებული ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობა არის დაახლოებით 200 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია (300 ადამიანი)”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

„სამართლიანი არჩევენების“ მონაცემებით, 11:00 საათისთვის შემდეგი სახის დარღვევბი დაფიქსირდა:

 

  • არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 3 ფაქტი -#23 (დედოფლისწყარო), #11 და #36 ( კასპი);
  • მასალების არასათანადოდ წარმოების 2 შემთხვევა – #6 (ბათუმი) , #76 (საბურთალო) საარჩევნო უბნებზე; 
  • საარჩევნო უბნის გახნის პროცედურული დარღვევების 2 შემთხვევა- #72 (რუსთავი), #24 (გორი) საარჩევნო უბნებზე;
  • საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსების 2 ფაქტი- #65 (ქუთაისი) და #5 (ისანი) საარჩევნო უბნებზე.

 

11:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 6 საჩივარი.

 

„სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების დღეს აკვირდება საერთაშორისოდ აღიარებული, სტატისტიკურად მყარი ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით.

მასალების გადაბეჭდვის წესი