ახალი ამბები

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია

27 ოქტომბერი, 2013 •
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია

ქვეყნის მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილია, მთავრი ოპოზიციურ ძალას საპრეზიდენტო არჩევნებზე ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე წარმოადგენს. არჩევნებში მონაწილეობს “დემოკრატიული მოძრაობის ” ლიდერი, ასევე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ორგზის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და სხვები.

 

გასულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, 2008 წელს კი სულ 7 კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა 1 059 647 ხმით გაიმარჯვა, მეორე ადგილზე გავიდა ლევან გაჩეჩილაძე 509 111 ხმით, მესამე ადგილი კი ბადრი პატარკაციშვილს ხვდა წილად 140 801 ხმით. 

 

რაც შეეხება უფრო ადრინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველი ასეთი არჩევნები 1990 წლის 26 მაისს გაიმართა, მასში მონაწილეობა 6 კანდიდატმა მიიღო და პრეზიდენტის თანამდებობა ზვიად გამსახურდიამ დაიკავა 2 565 362 ხმით, მაშინ არჩევნებში მონაწილეობა 2 978 247 მოქალაქემ მიიღო. 

 

რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები 1995 წლის 5 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც 6 კანდიდატი მონაწილეობდა. ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახდა 1 589 909 ხმით, არჩევნებში სულ მონაწილეობა 2 139 369–მა ამომრჩეველმა მიიღო. 2000 წლის 9 აპრილს ედუარდ შევარდნაძე მეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. 

 

2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წლის 4 იანვარს გაიმართა. აღნიშნულ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა და 1 890 256 ხმით მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. არჩევენებში მონაწილეობა 1 963 556 მოქალაქემ მიიღო.  

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა  3, 537, 719-ს შეადგენს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 527 964. არჩევნებში 1 982 318-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

 

ზოგადად, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა საქართველოში 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა და მასში 2,978,247 ამომრჩეველი მონაწილეობდა.

 

დღევანდელი არჩევნებისთვის 689 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს საქართველოში და 50- საზღვარგარეთ. 

 

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება პოლიტიკური პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების 47,000-მდე წარმომადგენელი, 20,000-მდე ადგილობრივი და 1,300-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი.

 

საარჩევნო პროცესს გააშუქებს 1400-მდე მედიაწარმომადგენელი.

 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში 2013 წელს კანდიდატების რაოდენობა ყველა დანარჩენი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების რაოდენობას აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი