“სამართლიანი არჩევნების”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და “საერთაშორისო გამჭირვალობა– საქართველოს” მიერ შემუშავებული შეფასების მიხედვით, 2012 წლის არჩევნების დროს ერთ-ერთ მთავარი პრობლემას საარჩევნო მიზნებით ადმინისტრაციული რესურსების მასობრივი გამოყენება წარმოადგენდა. 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო.
“რესურსების გამოყენება ძირითადად გამოიხატებოდა საჯარო მოხელეების აგიტაციაში მონაწილეობით როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ, რაც ცალსახად ახალ ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს”.
ორგანიზაცეიბი აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო მოტივით ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაკავების ფაქტები, ფაქტობრივად, არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დასაკითხად იყვნენ დაბარებული. საქმე აღიძრა რამდენიმე გამგებლის წინააღმდეგ.
„სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, 2013 წელს წინასაარჩევნოდ მთლიანობაში 60-მდე დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც 2012 წელს ეს ციფრი 300-ის ფარგლებში იყო.
