“ჟურნალისტი თვითონ, ინდივიდუალურად ვერ დარეგისტრირდება, ჟურნალისტი ან ბლოგერი უნდა წარადგინოს რომელიმე ორგანიზაციამ. შეიძლება, თვითონ იყოს პირი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და თავად წარადგინოს თავისი თავი, მაგრამ აუცილებლად მედიასაშუალება უნდა იყოს. თუ რომელიმე მედიასაშუალება ჩასვამს ბლოგერს თავის სიაში და გამოაგზავნის წერილს, რა თქმა უნდა, ჩვენ დავარეგისტრირებთ”, – “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს ეკა აზარაშვილი, ცესკოს სპიკერი.
ბლოგერებისა და სოციალური მედიის სხვა წარმომადგენლების უფლებების გაზრდის შესახებ (აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებთან გათანაბრების თვალსაზრისით) დღეისათვის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს დისკუსია, თუმცა საქართველოში ეს საკითხი ფართო მსჯელობის საგანი ჯერ არ გამხდარა. ბლოგერი და ფოტოგრაფი თამარ მირიანაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მას 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქება, ფოტოების გადაღება და შემდეგ საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნება სურდა, თუმცა საარჩევნო კოდექსის ზემოხსენებულმა დათქმამ აკრედიტაციის მიღების საშუალება არ მისცა.
“აღარც მიმიმართავს ცესკოსთვის, რადგან როდესაც გავიგე მოთხოვნები, ანუ ის, თუ ვის შეეძლო მიემართა და ვის არა, აღარც შემიწუხებია თავი, რადგან როგორც მივხვდი, იქ კონკრეტული ინდივიდი ვერ მიმართავს, უნდა იყოს მედიასაშუალება”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ არჩევნების გაშუქების სურვილი მის ნაცნობ სხვა ფოტოგრაფებსა და ბლოგერებსაც ჰქონდათ, თუმცა აკრედიტაციის გასავლელად შესაბამის ორგანოს აღარ მიმართეს.
“რამდნეიმე ადამიანმა თქვა, რომ უნდოდა, თუმცა ხელი ჩაიქინია იმის გამო, რომ იცოდა, დამოუკიდებლად ვერ მიმართავდა. ჩემი აზრით, ბლოგერებისთვის უნდა გააკეთონ ეს დაშვება, თუმცა იქაც უნდა იყოს გარკვეული რეგულაციები… შეიძლება რაღაცების მოფიქრება. ალბათ, ძირითადად იმის ეშინიათ, რომ ძალიან ბევრი მსურველი იქნება და დამოუკიდებელად ბევრი ადამიანი მოინდომებს აკრედიტაციას, თუმცა იქაც უნდა დაწესდეს გარკვეული რეგულაციები: მოქმედი ბლოგი და ასე შემდეგ, რაც მსურველთა ნაკადს შეამცირებს”.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი თამარ კორძაია იზიარებს აზარაშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სურვილის შემთხვევაში სოციალური მედიის წარმომადგენლებს რეგისტრირებული მედიასაშუალებების დახმარებით შეუძლიათ აკრედიტაციის მიღება, თუმცა, პარლამენტარის განცხადებით, იგი ვერ ხედავს პრობლემას იმაში, თუ ამ საკთხზე მსჯელობა უკვე პარლამენტის დონეზეც გაიშლება:
“ახლა კანონი ასეთია, რომ მედიასაშუალების წარმომადგენელი [აკრედიტირებული ჟურნალისტი] უნდა იყოს, მაგრამ პრაქტიკა ასეთია, რომ… სხვათა შორის, არავინ ამოწმებს, მაგალითად, როცა ნეტგაზეთის, გაზეთ ბათუმელების სახელით მიდიხართ, არავინ ამოწმებს, ხართ თუ არა “ბათუმელების” თანამშრომელი, მთავარია, რომ სია გადასცეს მედიასაშუალებამ. ამიტომ, ნებისმიერ ბლოგერს შეუძლია მოხვდეს ასე, მაგრამ თუ ვიღაც თვლის, რომ ბლოგერებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და სოციალური მედიის წარმომადგენლებსაც უნდა ჰქონდეს არჩევნებზე დაკვირვების და უბანზე ყოფნის უფლება, მაშინ უნდა დავიწყოთ მსჯელობა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რაშიც მე პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა ასევე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ რომელიმე მედიასაშუალებამ ბლოგერი დაარეგისტრიროს მისი სახელით”, – აცხადებს დეპუტატი.
თამარ კორძაია იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სოციალური მედიის წარმომდგენლებისთვის აკრედიტაციის გავლის შესაძლებლობის მასობრივად მიცემის შემთხვევაში, შესაძლოა, საარჩევნო უბნებზე გარკვეული პრობლემები შეიქმნას პროცესის ორგანიზების კუთხით:
“ამან შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს, ანუ ძალიან არაპროგნოზირებადია ბლოგერების რაოდენობა. რითი უნდა დაადასტურო, რომ ბლოგერი ხარ? მედიასაშუალება რეგისტრირებული იურიდიული პირია, ბლოგერი არა, ამიტომ, ეს შექმნის პატარა პრობლემას, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ვიღაცას ამის გაკეთება უნდა, მაშინ გზების მოძიებაც შეიძლება: როგორ შეიძლება დადასტურდეს, რა დოკუმენტი უნდა წარადგინოს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კანონით უნდა დარეგულირდეს, სხვა შემთხვევაში ძალიან მაღალია რისკი პროცესის ჩიხში შეყვანის”.