“ეგზიტპოლს ვუკვეთავთ გერმანული სათაო ოფისის მქონე ორგანიზაციას GfK, რომელიც არის მსოფლიო კვლევითი ორგანიზაციების ოთხეულში. ჩვენთან ეგზიტპოლს აკეთებს მისი ბრიტანული ფილიალი, რომელიც CNN-ს უტარებს ეგზიტპოლებს. მათი შიდა კონტრაქტორი ვინ არის, ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს, მე ვერც ჩავერევი ამ საკითხში. როგორც კი რამე მოთხოვნა გაჩნდება შიდა კონტრაქტორზე, მერე მთელი პასუხისმგებლობა ჩვენკენ უნდა გადმოვქაჩოთ ეგზიტპოლების სისწორეზე. ჩვენს წინაშე პასუხისმგებელია GfK, თავისი რეპუტაციით და ეს რეპუტაცია ძალიან მაღალია. კონტრაქტით 3%-ანი ცდომილებაა და თუ ამას გაცდებიან, მერე ვისაუბრებთ მათთან ამ საკითხზე,”- ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ნიკა გვარამია.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ კონტრაქტორი, რომელიც “რუსთავი 2”-ისთვის არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატარებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან თარხნიშვილის ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფი “ბისიჯი“-ია.
“ბისიჯი”-ს წარმომადგენელი ნეტგაზეთთან სატელეფონი საუბარში ამბობს, რომ ყველა კითხვით ამ საკითხზე, რუსთავი 2-ის წარმომადგენლებს უნდა დავუსვათ.
“ამასთან დაკავშირებით რუსთვი 2-ს უნდა მიმართოთ, ჩვენ არანაირ კავშირში არ ვართ. ურთიერთობა რუსთავი 2-სა GfK-ს აქვთ ერთმანეთში. რუსთავი 2-ში დარეკეთ და დეტალურად იციან ყველაფერი,”- განუცხადეს ნეტგაზეთს კომპანიაში.
შარშან, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს, რუსთავი 2-ისთვის ეგზიტპოლი კომპანია “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა. აღნიშნული ეგზიტპოლის შედეგებით, სწორედ, არჩევნებში გამარჯვებული პარტია, “ქართული ოცნება” ლიდერობდა. სამაგიეროდ, GfK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაკვეთით განხორციელდა, ‘ოცნებამ’ მიიღო – 35%, ‘ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ’ – 30%, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა ცესკოს მონაცემებისგან.
ჩაატარებს თუ არა წელს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ეგზიპტოლს, ეს საკითხი, როგორც არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ტყემალაძე ამბობს, ხვალინდელ თათბირზე გადაწყდება:
“თანხების სიმცირის გამო, ეს საკითხი ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი. მოგეხსენებათ, ეგზიტპოლის შეკვეთა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.”
წლევანდელ არჩევნებზე ეგზიტპოლს არ ჩაატარებს ტელეკომპანია “მაესტრო”, ხოლო ტელეკომპანია “იმედიდან” ამ საკითხზე ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” ვერ მიიღო.