თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას:
“ქვეყნის თავდაცვითი ნაგებობების ლოკაციისა და ტიპის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება საფრთხის შემცველია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფოს მთავარსარდლის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 23 ოქტომბრის განცხადება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ზიანს აყენებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეირაღებულ ძალებს შესწევთ უნარი, უზრუნველყონ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და საკადრისი პასუხი გასცენ უსაფრთხოების გამოწვევებს”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობამ შეაჩერა თბილისის გარშემო თავდაცვითი ფორტიფიკაციის მშენებლობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოება, რომლის შესახებაც, მისი თქმით, დღეს ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს.