ახალი ამბები

საარჩევნო პერიოდში ფიზიკური ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტები

24 ოქტომბერი, 2013 •
საარჩევნო პერიოდში ფიზიკური ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტები

ასევე, ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტებს მიერ გამართული წინასაარჩევნო ღონისძიებებისა და გაცემული დაპირებების თაობაზე.

 

“სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების მიერ 377 შეხვედრა გაიმართა. ყველაზე მეტი, 199 შეხვედრა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გამართა, შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 85 შეხვედრით, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 76 შეხვედრა, და სხვა პარტიები.

 

„დამკვირვებლების ინფორმაციით, დაფიქსირდა პოლიტიკური მოტივით ზეწოლისა და მუქარის ორი ფაქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მოქალაქეზე. ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების სამ ფაქტს  „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების, ასევე, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ აქტივისტის მიმართ,“ – ამბობს ნინო ლომჯარია, “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი.

 

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მცხეთაში ფიზიკურად გაუსწორდა მოქალაქე იური წოწორია, ხოლო მცხეთის რაიონის გამგებლის მდივანმა – ოლიკო სოლოღაშვოლმა მას მანქანიდან გაურკვეველი ნივთი ესროლა; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ მხარდამჭერს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალციხეში; ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა აბაშაში კოალიცია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს შორის.


ანგარიშში გამოყოფილია პოლიტიკური მოტივით ზეწოლა-მუქარის ფაქტები, კერძოდ, წყალტუბოს საკრებულოს წევრის – ხათუნა წერეთლის ინფორმაციით, მასზე მიმდინარეობს ზეწოლა  საკრებულოს თავჯდომარის – ნოდარ კაპანაძის მხრიდან. მისი განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება საკრებულოს თავჯდომარემ რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა. ხათუნა წერეთელი საკრებულოს თავმჯდომარეს, ასევე, ადანაშაულებს მისი შვილის –  საჩხეურას ტერიტორიულო ორგანოს სპეციალისტის, პოზიციიდან გათავისუფლებაში. 


“სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში ნოდარ კაპანაძე აღნიშნულ ბრალდებებს   უარყოფს და  ხათუნა წერეთლის ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესში მისი უშუალო მონაწილეობის ფაქტს არ ადასტურებს”, – ნათქვამია ანგარიშში.


 

ანგარიშის მიხედვით, ბათუმში დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატები ჩამოხია „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ – მერაბ ღოღობერიძემ, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ხელი შეეშალა სააგიტაციო მასალების გავრცელებაში.  მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესა და ლანჩხუთში, სადაც დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატები კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჩამოხიეს. 

 

“სამართლიანი არჩევნების” ცნობით, ადმინისტრაციული რესურსი იქნა გამოყენებული გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრისას ფოთში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეები სამუშაო საათებში იმყოფებოდნენ.

 

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე, დაფიქსირდა შუახევში, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე – „ფოლკლორის დღე – შუახევი 2013“, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა – მურმან დუმბაძემ მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლა და გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერა მოუწოდა. 


როგორც “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშშია ნათქვამი, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ გაგრძელდა საკადრო ცვლილებების განხორციელების მცდელობება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ქედას საკრებულოს დეპუტატები შეეცადნენ თანამდებობიდან გადააეყენებინათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ – ჯემალ შარაძე. 


ანგარიშში “სამართლიანი არჩევნების” რეკომენდაციებიცაა მოცემული, კერძოდ, საჯარო მოხელეებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ თავი შეიკავონ მათდამი დაქვემდებარებული თუ სხვა ნებისმიერი პირის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისაგან; სამართალდამცავ ორგანოებს – მაქსიმალურად სწრაფად და ობიექტურად გამოიძიონ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები და სასამართლოს წინაშე კანონის შესაბამისად დააყენონ დამნაშავეთა სათანადო პასუხისმგებლობის საკითხი; პოლიტიკურ პარტიებს – არ დაუშვან მათი წევრებისა თუ აქტივისტების მიერ პოლიტიკური ოპონენტების საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლა და მკაცრი რეაგირება მოახდინონ ამგვარ ფაქტებზე; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – არ დაუშვან საჯარო სკოლების შენობების წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენება; პოლიტიკური თანამდებობის პირებს – სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე არ დაუშვან რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი