ახალი ამბები

პოლიტიკური ფინანსების პასიური მონიტორინგი აუდიტის სამსახურში

24 ოქტომბერი, 2013 • • 1270
პოლიტიკური ფინანსების პასიური მონიტორინგი აუდიტის სამსახურში

ნინო ბურჯანაძე, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია
ნინო ბურჯანაძე, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია

2–22 სექტემბრის საარჩევნო დეკლარაციით, ბურჯანაძის პარტიას აუდიტის სამსახურში 98 ნაქირავები ოფისი ჰქონდა დეკლარირებული, მაშინ, როდესაც სამსახური აცხადებდა, რომ იმ პერიოდში პარტიას რეალურად 108 ოფისი ჰქონდა დაქირავებული. ნინო ბურჯანაძის პარტიიდან ოფისების შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ გამოითხოვა, რადგან აღნიშნულმა პარტიამ 1 სექტემბრისთვის მხოლოდ ერთი ოფისის დეკლარირება მოახდინა, მაშინ, როცა იმ პერიოდში ამავე პარტიის ვებ-გვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია 9 ოფისის თაობაზე. აუდიტის სამსახურის ცნობით, 13 სექტემბრის მდგომარეობით, ნინო ბურჯანაძის პარტიამ 19 ოფისის დეკლარირება მოახდინა, როცა რეალურად 90-მდე ოფისი ფუნქციონირებდა. ბოლო დეკლარაციით, რომელიც 23 სექტემბერი – 13 ოქტომბრით თარიღდება, ბურჯანაძის პარტიამ უკვე 122 ნაქირავები ოფისის დეკლარირება განახორციელა.

 

“ჩვენ მიერ აღმოჩენილ ოფისებზე მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს პარტიის მიერ დამალული ოფისების საბაზრო ღირებულება, პარტიის მიერ გაღებული ხარჯის დადგენის მიზნით”, – განაცხადა 24 სექტმებერს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ აზნაურაშვილმა.

 

23 ოქტომბერს “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ზურაბ აზნაურაშვილს და დაინტერესდა, რა ბედი ეწია მოკვლევას, რომელიც ბურჯანაძის პარტიის საკითხზე მიმდინარეობდა აუდიტის სამსახურში, მან კი განაცხადა:

 

“ოფისებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა გრძელდება და დასკვნა ჯერჯერობით არ არის და სასამართლოსთვის გადაგზავნილიც არ არის”.

 

ზურაბ აზნაურაშვილმა არ იცის, მოესწრება თუ არა ამ საქმის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დასრულება:

 

“ალბათ ვერ მოესწრება. ვნახოთ, კიდევ გამოჩნდება”, – ამბობს იგი.

 

აუდიტის სამსახური
აუდიტის სამსახური

 

სახელმწიფო აუდიტის მონიტორინგის სამსახური “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, დავით ბაქრაძის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში გაშვებული ერთ–ერთი პოლიტიკური რეკლამის შესაძლო არადეკლარირების საკითხზეც აწარმოებდა მოკვლევას, თუმცა აზნაურაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არც ამ საქმის შესწავლა დასრულებულა.

 

2013 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის განმავლობაში აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე სასამართლომ სულ 5 პოლიტიკური პარტიის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო: “მრეწველები”, “ევროპელი დემოკრატები”, “ახალი მემარჯვენეები” და “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” 2000 ლარიით დაჯარიმდნენ, ხოლო კომუნისტური პარტია – 5000 ლარით.

 

აზნაურაშვილის განმარტებით, მონიტორინგის სამსახური ზემოხსენებულ პარტიებს სხვადასხვა სახის ფინანსურ დარღვევებს ედავებოდა, მათ შორის- ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანას აუდიტის სამსახურის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა მოხვდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში, რომელიც 19 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს:

 

“წინა არჩევნების დროს აღმოჩენილი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, პარტიისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელ სამართლებლივ აქტებში ცვლილებები 2013 წლის აგვისტოში იქნა შეტანილი. თუმცა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მოსაუბრე მხარის ნაწილი შეშფოთებულია მოცემულ საარჩევნო პერიოდში აუდიტის სახელმწიფო სამსახურის კონტროლის დაბალი დონით”, – ვკთხულობთ დოკუმენტში.

 

მიმდინარე საარჩევნო კამპანიის განმავლობაში აუდიტის სამსახურის შესაბამისი უწყების პასიურობის შესახებ საუბარია კიდევ ერთ დოკუმენტში, კვლევაში, რომელიც  23 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთის ღია საზოგადოების ფონდებმა წარმოადგინეს:

 

“რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობის აღსრულებას, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები პრობლემა ფიქსირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ წელს გაცილებით უფრო ფრთხილად იმოქმედა. 2012 წელს ეს ინსტიტუტი, ფაქტობრივად, გამოყენებული იყო ოპოზიციის დასათრგუნად, რაც აისახებოდა უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ფინანსურ ჯარიმებში ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდგ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წელს აუდიტის სამსახური უხალისოდ (reluctant) უკეთებდა მონიტორინგს პოლიტიკურ ფინანსებს”, – ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც შეფასებულია ბოლო წლის მანძილზე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ამ თვალსაზრისით შეფასებულია ცესკოს და აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი, მკვლევარი ლევან ნატროშვილი, რომელმაც ზემოხსენებულ კვლევაზე იმუშავა, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, აუდიტის სამსახური 2012 წლის მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარე საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სიტუაციის გამწვავებას მოერიდა და სწორედ ამიტომ იმუშავა შედარებით პასიურად. ეს განცხადება ნატროშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გააკეთა, ზემოხსენებული კვლევის პრეზენტაციის დროს:

 

“სახელმწიფო აუდტის სამსახური, რომელიც ალბათ ყველას ახსოვს, რომ კრიტიკის ქარცეცხლში იყო მოყოლილი და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მას აკრიტიკებდა იმ საქმიანობისთვის, რაც მან გასწია 2012 წელს, იმ უზარმაზარი ჯარიმებით პოლიტიკური პარტიებისთვის. მათი გადაწყვეტილებები ხშირად დაუსაბუთებელიც იყო. 2013 წელს ამ ინსტიტუციის მუშაობა გაცილებით უფრო პასიური იყო. თითქმის არ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ამ ორგანოს მუშაობა საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოქცულიყო და მხოლოდ 4 სუბიექტი იქნა დაჯარიმებული ძალიან მცირე დარღვევების გამო. რეალურად ჩვენ საკმაოდ მცირე ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, იყო თუ არა დარღვევები პოლიტიკური ფინანსების კუთხით და ახდენდა თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესაბამის რეაგირებას.


ჩვენ, უბრალოდ, ეჭვის დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რადგანაც იგივე ხელმძღვანელი ჰყავს და 2012 წელს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, შეიძლება ეს ყოფილიყო საფუძველი იმისა, რომ იგი ერიდებოდა თავისი რეპუტაციის კიდევ უფრო გაფუჭებას და ცდილობდა, რომ თავი აერიდებინა რაღაც ქმედითი ნაბიჯებისგან. ამის თქმის საფუძველს ჩვენ რეალურად გვაძლევს ის ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პარტიასთან. მაგალითად, ორი თვის წინ შევხვდით აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობას და მაშინ იქ საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ეს პარტია რეგულაციებს არღვევდა და რაღაც კონკრეტულ ხარჯებს დეკლარირებას არ უკეთებდა, თუმცა ორი თვე გავიდა და საზოგადოებას პრინციპში დიდი ინფორმაცია არ გვაქვს, თუ რა რეაგირება მოჰყვა, გადაეცა თუ არა სასამართლოს ეს საქმე. რაც შეიძლება ეჭვის საბაბი იყოს, რომ ეს ინსტუტიცია ცდილობდა არ გაემწვავებინა სიტუცია. თუმცა, რა თქმა უნდა, გადაჭრით იმის თქმა, რომ რაღაც კანონდარღვევები ხდება ამ კუთხით და ეს ორგანო თვალს ხუჭავს ამ ყველაფერზე, არ შეიძლება, იმიტომ, რომ ამას კონკრეტული მტკიცებულებები სჭირდება”, – აცხადებს ნატროშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი