შეხვედრას ნონა გაფრინდაშვილი გახსნის სიტყვით. მისი თქმით, თბილისის მასშტაბით დღეს არის ყველაზე დიდი ღონისძიება ნინო ბურჯანაძის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში:
“დღითიდღე იზრდება ქალბატონი ნინოს რეიტინგი და ნდობა. 1 ოქტომბერი ჩემთვის ყოველთვის დარჩება ისტორიულ დღედ, თუმცა ახლა, როდესაც პრემიერ-მინისტრი მიდის, პრეზიდენტი უნდა იყოს ინიციატივიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია აწარმოოს საგარეო პოლიტიკა საქართველოს ინტერესების შესაბამისად, სწორედ ასეთი ქალბატონია ნინო ბურჯანაძე,” – განაცხადა ღონისძიების დაწყებამდე ნონა გაფრინდაშვილმა.
გია ბურჯანაძის თქმით, 1 ოქტომბერს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს:
“ქალბატონ ნინოს გააჩნია საამისო გამოცდილება და ცოდნა. სამართლიანობა აღსადგენია, სასამართლო დასაბრუნებელია, ქვეყანაში არის უამრავი დევნილი და ამიტომ უნდა დალაგდეს ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული. ამ პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს აქვს ამ საქმისთვის საკმარისი გამოცდილება, ასევე, ჩემი აზრით, აუციელებელია დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ახალ ხელისუფლებას ჰქონდა ერთი წელი და მათ ვერ აღადგინეს სამართლიანობა.”
დღევანდელ შეხვედრას, ასევე, ესწრება პრეზიდენტობის კანდიდატი აკაკი ასათიანი, რომელმაც თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ხმა მისცენ არა მას, არამედ ნინო ბურჯანაძეს:
“ქალბატონი ნინო აშკარად გამოკვეთილი კანდიდატია. მე რომ ეს განცხადება გავაკეთე, დამიკავშირდა და მთხოვა, რომ მოვსულიყავი. მე ვიცნობ ნინოს დიდი ხანია, ის არის კვალიფიციური, მტკიცე აზრის ადამიანი, რაც, ვფიქრობ, საქართველოსთვის საჭიროა. ის არასოდეს არ თმობს საქართველოს და თავის ინტერესებს”, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.
