ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის სანქციით უკმაყოფილო აფხაზები

4 აპრილი, 2018 •
რუსეთის სანქციით უკმაყოფილო აფხაზები

აფხაზეთში სოფლის მეურნეობით დაკავებულმა კომპანიებმა და კერძო მეწარმეებმა პირველი საგაზაფხულო მოსავლის აღება უკვე დაიწყეს. მათი დიდი ნაწილი რუსული ბაზრისთვის იყო გათვალისწინებული. თუმცა მეწარმეებისთვის რუსეთის საზღვრის დახურვამ საექსპორტო პრუდუქციის შიდა ბაზარზე გადანაცვლება და მეწარმეთა უკმაყოფილება გამოიწვია. ბოლო რამდენიმე დღეა, რუსული ემბარგო ფეისბუკის აფხაზი მომხმარებლების კომენტარების მთავარი თემაა.

რუსული მხარის მოთხოვნით, აფხაზეთში ფაროსანა წლის განმავლობაში უნდა განადგურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ერთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან ვერ შევა. რუსი მკვლევრები ამბობენ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება კავკასიის რეგიონში, რამდენადაც სხვა შემთხვევაში ფაროსანა ჩრდილოეთისკენ დაიძრება.

აფხაზური რუკოლა 2017 წელს სანკტ პეტერბურგის სოფლის მეურნეობის გამოფენაზე, როგორც ყველაზე ნაზი გემოს მქონე, გამარჯვებული გახდა. ტენიანი კლიმატის გამო აფხაზური რუკოლას ფოთლები ნაკლებად მწარეა. ისევე როგორც სალათი აისბერგი, რომელსაც რუსეთში ბურგერებისთვის მაკდონალდსი ყიდულობდა. თუმცა რუსული სანქციის გამო ორივე მცენარე აფხაზეთშივე დარჩება და დალპება.

“შიდა მოთხოვნა ძალიან დაბალია. მხოლოდ სამი რესტორანი გვაქვს, რომლებიც ბურგერებს აკეთებს”, – ამბობს სერგეი პერეტატკო, “რეპრუა და კომპანიის” მთავარი აგრონომ-ტექნოლოგი.

კომპანიას აქვს მაცივარი, სადაც მოსავლის შენახვა გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლიათ, თუმცა მთელი პროდუქციის მაცივარში ჩატევა, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ რუსეთში ექსპორტზე ნებართვას მიიღებენ, შეუძლებელია.

პრაქტიკულად ყველა კულტურა, რომელიც აფხაზეთში მოჰყავთ, რუსეთში გასატანად იყო გათვალისწინებული.

“შედარებით უკეთესადაა საქმე მარწყვთან დაკავშირებით, მასზე მოთხოვნა შესაძლოა ტურისტების ხარჯზე გაიზარდოს. ეკოლოგიურად სუფთა კენკრა დამსვენებლებს როგორც ფასით, ასევე ხარისხით [მის მოსაყვანად არ არის გამოყენებული ქიმიური პრეპარატები] იზიდავს”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

აზიური ფაროსანას პარალელურად, აფხაზეთში კიდევ ერთი მავნებელია გავრცელებული. Tuta absoluta-ს სახელით ცნობილი მავნებელი პომიდვრის ჩრჩილია. აფხაზი აგრონომ -ტექნოლოგების თქმით, ის მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სათბურში შეიძლება აღმოაჩინო, მით უმეტეს, რუსეთის სამხრეთით.

“მავნებელი სათბურ კომპლექსებში არ შეიძლება და არც უნდა გახდეს აფხაზური სოფლის მეურნეობის ექსპორტის შეზღდუვის მიზეზი”, დარწმუნებულია გენადი კვარჩია, “კინდიგ აგროს” მთავარი აგრონომი.

სპეციალისტების თქმით, შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე საკარანტინო ინსპექციაა, რომლის მუშაობაც იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საშიში მავნებლების გავრცელება არ დაუშვას. ამ სამუშაოს კი, აგრონომების აზრით, მათ თავი ვერ გაართვეს.

კინდიგ არგოს სათბურებში პომიდვრის ჩრჩილს სპეციალური ხაფანგების საშუალებით ებრძვიან. სპეციალისტები ამბობენ, რომ აღნიშნული მეთოდი ძალიან ეფექტურია და, ამავე დროს, ეკოლოგიურად უსაფრთხო.

კომპანიაში ამბობენ, რომ პროდუქციის ხარისხი მათთვის უმთავრესია. კომპანიის დირექტორის, ალიკ კოგონიას განცხადებით, რუსული კომპანიები მზად იყვნენ, მათი 1 კილოგრამი პომიდორი 100 რუბლად [ დაახლოებით, 1,7 აშშ დოლარი] ეყიდათ.

“10 ტონა პომიდორი გავგზავნეთ. მათ კი დამატებით მოითხოვეს. გვითხრეს, რომ ნებისმიერ მოცულობას იყიდიან. მაგრამ ზუსტად ამ დროს დახურეს საზღვარი”.

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

საწარმოებში ჩადებული ფულის ამოღება სანქციის პირობებში შეუძლებელია.

აფხაზი მეწარმეები ვარაუდობენ, რომ ექსპორტზე სანქცია ხელოვნულად შექმნილს ჰგავს. აფხაზეთში აგრარული სფეროს წარმომადგენლები დაბნეული არიან. ვერსიები სხვადასხვაა – რუსულ ბაზარზე გასვლისთვის ბრძოლა, ქიმიური პრეპარატების რეალიზაცია და აფხაზური სოფლის მეურნეობის სფეროს და ეკონომიკის განადგურება.

მათ არ სჯერათ იმ მოსაზრების, რომ აფხაზეთიდან ხილის, ბოსტნეულისა და კენკრის შეტანის აკრძალვით რუსეთი მავნებლის გავრცელებას გააკონტროლებს.

რუსული სანქციების დარტყმის ქვეშ ყველაზე მეტად აფხაზეთში მეწარმეები აღმოჩდნენ, თუმცა ფაროსანა და სხვა მავნებლები კერძო სექტორშიც აქტუალურია.

სვეტლანა შარანგია ოჩამჩირეში, საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობს. მისი ქმარი ორი წლის წინ გარდაიცვალა.  სამივე შვილი საკუთარ ოჯახებთან ერთად ცალკე ცხოვრობს. სვეტლანას მცირე ნაკვეთი აქვს, სადაც ხილი და ბოსტნეული მოჰყავს.

 “მიყვარს მიწაზე მუშობა ახალგაზრდობიდანვე. რამდენადაც მახსოვს ჩემი თავი, ყოველთვის მქონდა ბოსტანი”.

მწვანილის პირველი მოსავალი უკვე აღებულია. ოხრახუში, კამა, ქინძი ჯერ კიდევ თებერვალში დარგო.

აღდგომის შემდეგ კი ძირთადი მოსავლის, პომიდვრისა და კიტრის დათესვას აპირებს. “ჯერ კიდევ ძალიან ცივა და წვიმიანი ამინდებია, დალპება თესლი მიწაში, ნესტიანი მიწა სჭირდება და მზე, კარგად რომ გათბეს”.

სათბურისთვის მიწა სოფელ მოქვიდან 15 წლის წინ ჩამოიტანეს.

“მდინარის პირას ვაგროვებდით ნიადაგს. ძალიან ნაყოფიერი მიწაა იქ. ახლა მხოლოდ მავნებლები მიფუჭებს განწყობას. რამდენჯერ მიტირია იმის გამო, რომ მოსავალი გაანდაგურა”. 

 

ფაროსანასთან ბრძოლისა, და შესაბამისად, რუსული სანქციების მოსახსნელად სოხუმში რამდენიმე  ღონისძიება დაგეგმეს. მათ შორისაა ხოჭოს მოგროვება და სპეციალურ პუნქტებში ჩაბარება.

რამდენიმე დღის წინ სოხუმში კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს – შეზღუდონ ქართული პროდუქციის შეტანა ენგურის გამშვები პუნქტით, რამდენადაც აფხაზური მხარის ბრალდებით, იყო შემთხვევები, როდესაც მგზავრის ფაროსანა ხელბარგში აღმოჩნდა. [ქართულ მხარეს აღნიშნულ ბრალდებაზე არ უპასუხია].

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცეპრემიერის, ასლან კობახიას განცხადებით, რუსეთის სანქცია აფხაზეთთან მიმართებაში, აზიური ფაროსანას გავრცელების გამო რუსეთში აფხაზეთიდან ხილისა და ბოსტნეულის შეტანა გაურკვეველი ვადით აკრძალონ, ბლოკადის ტოლფასია.

მასალების გადაბეჭდვის წესი