ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვის სანქციებს აფხაზეთთან მიმართებაში სოხუმში ბლოკადად აფასებენ

3 აპრილი, 2018 • 3520
მოსკოვის სანქციებს აფხაზეთთან მიმართებაში სოხუმში ბლოკადად აფასებენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცეპრემიერის, ასლან კობახიას განცხადებით, რუსეთის სანქცია აფხაზეთთან მიმართებაში, აზიური ფაროსანას გავრცელების გამო რუსეთში აფხაზეთიდან ხილისა და ბოსტნეულის შეტანა გაურკვეველი ვადით აკრძალონ, ბლოკადის ტოლფასია.

“ეს კარანტინი ბლოკადას უდრის. ყველა სათბური, მათ შორის ბევრი, რუსული ინვესტიციებითაა აშენებული; ადამიანებმა აიღეს ბანკებიდან კრედიტები, ეს ყველაფერი ჩავარდება. ფაროსანას პრობლემა მხოლოდ აფხაზეთის პრობლემა რომ ყოფილიყო, გასაგები იქნებოდა. ფაროსანამ არ იცის საზღვრები. საქართველო გადასარევად ვაჭრობს რუსეთის ფედერაცისთან, თუმცა იქ არავის არაფერი დაუწესებია. აფხაზეთთან მიმართებაში კი დააწესეს. გამოდის, ჩვენ აღმოვჩნდით “როსელხოზნადზორის” რისხვის ქვეშ”, – აცხადებს ასლან კობახია.

რუსული მხარის მოთხოვნით, აფხაზეთში ფაროსანა წლის განმავლობაში უნდა განადგურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ერთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან ვერ შევა. რუსი მკვლევრები ამბობენ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება კავკასიის რეგიონში, რამდენადაც სხვა შემთხვევაში ფაროსანა ჩრდილოეთისკენ დაიძრება.

გაურკვეველი ვადით აფხაზეთიდან რუსეთში ხილისა და თხილის შეტანის აკრძალვაზე რუსული სანქციის გამო სოხუმში ფაროსანასთან ბრძოლის სხვადასხვა ზომა მიიღეს – მათ შორისაა ენგურის გამშვები პუნქტით აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის შეტანის აკრძალვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის მცენარეთა კარანტინის ინსპექციის ცნობით, ყავისფერი აზიური ფაროსანა (Halyomorpha halya Stal) ენგურის გამშვები პუნქტით შემოსულ ხელბარგში აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, 2018 წლის 31 მარტიდან დროებითი შეზღუდვები დაწესდება “საქართველოდან აფხაზეთში ხელბარგით მცენარეული პროდუქციის შეტანაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი