ახალი ამბები

პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან შეუსაბამო დაპირებები კანდიდატებისგან

23 ოქტომბერი, 2013 • • 1138
პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან შეუსაბამო დაპირებები კანდიდატებისგან

პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, კანდიდატებმა საგარეო პოლიტიკას შედარებით ნაკლები ყურადღება იმიტომ დაუთმეს და ძირითადი აქცენტები სხვა საკითხებზე გააკეთეს, რომ ივარაუდეს – ამომრჩეველს კონსტიტუცია შედარებით ნაკლებად ესმის და არ აინტერესებს:

“ალბათ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ძირითადი დრო ზოგად პოლიტიკურ ხედვებს დაუთმონ”.

 

“ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ საარჩევნო პროგრამებში საპრეზიდენტო კანდიდატების საგარეო პოლიტიკური მიზნები და ამოცანები წარმოდგენილია, თუმცა სხვა საკითხია, რა დროს უთმობენ ისინი ამ საკითხებზე საუბარს ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს.

 

სამართლიანობის აღდგენა, მთავრობის კონტროლი, სოციალური სამართლიანობა, საარსებო მინიმუმის ზღვრის გაზრდა – ძირითადად, ასეთ დაპირებებს აძლევენ საპრეზიდენტო კანდიდატები ამომრჩევლებს.

 

“ახალი კონსტიტუციური რეალობისაგან ყველაზე უფრო დაშორებული და არარეალისტური დაპირებები ნინო ბურჯანაძეს აქვს, იმიტომ, რომ ის ადამიანებს ჰპირდება ვიღაცების დაჭერას, სოციალურ სამართლიანობას და ა.შ., რისი არანაირი ბერკეტიც საქართველოს პრეზიდენტს არ ექნება”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში გია ნოდია.

 

მისივე თქმით, ამგვარი პრობლემა ნაკლებად აქვს გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას:

 

“მარგველაშვილს შეუძლია თქვას, რომ ის წარმოადგენს მმართველ ძალას, “ქართულ ოცნებას”, მისი დაპირებები არის ხელისუფლების დაპირებებიც და ამ შემთხვევაში, მისი არჩევა უბრალოდ იმის გარანტიაა, რომ “ქართული ოცნება” გააგრძელებს თავის კურსს. ეს თავისთავად რეალისტურია”.

 

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, გია ნოდიას განცხადებით, ეს უკანასკნელი ცდილობს, რომ ამომრჩევლის მიზიდვის პროცესში, პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, არარეალისტური დაპირებები არ გასცეს, თუმცა მთავრობის კონტროლის შესახებ მისი საარჩევნო ლოზუნგიც გაზვიადებულია:

 

“ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა – შეიძლება ამ შემთხვევაში მთლად ადეკვატური ლოზუნგი არ იყოს, რადგან პრეზიდენტს მთავრობის საკონტროლებლად შეიძლება ძალიან ბევრი ბერკეტი არ ჰქონდეს, თუმცა რაღაც ბერკეტები ექნება, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ეს ლოზუნგი ერთგვარი გაზვიადებაა, მაგრამ შიგ ჭეშმარიტების რაღაც მარცვალი მაინც არის. სიტყვა კონტროლი შეიძლება ზუსტი განსაზღვრება არ არის, თუმცა არც აშკარა ტყუილია.”

 

ლევან ცუცქირიძე არ ფიქრობს, რომ კანდიდატებმა მხოლოდ იმ საკითხებზე უნდა გააკეთონ აქცენტი, რაც უშუალოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის:

 

“ვინაიდან პრეზიდენტი არის საყოველთაოდ არჩეული ქვეყნის პირველი პირი წარმომადგენლობითი თვალსაზრისით, ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ როგორ გადაწყვეტს პრეზიდენტი იმ საკითხებს, რაც მის უშუალო კომპეტენციაში შედის, არამედ ისიც, ზოგადად, როგორი ხედვა აქვს სხვა საკითხებთან მიმართებაშიც, რაც მნიშვნელოვანია. საზოგადოებას აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე”.

 

გია ნოდიას შეფასებით, საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩევლის დიდ ნაწილს, ალბათ, კარგად არ ექნება გააზრებული ის დეტალები, რასაც ახალი კონსტიტუცია ადგენს პრეზიდენტის უფლებამოსილების თვალსაზრისით:

 

“თუმცა ამომრჩეველი შეიძლება გააზრებულ არჩევანს აკეთებდეს იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც პოლიტიკის მიმართ გამოხატავს მხარდაჭერას და თუ ეს გაიმარჯვებს, მაშინ არსებული [მინისტრთა] კაბინეტი იძულებული იქნება, რომ ამას მხარი დაუჭიროს. ეს შეგვიძლია ვთქვათ”.


საარჩევნო პროგრამების მიხედვით, ყველაზე რეიტინგული საპრეზიდენტო კანდიდატები საგარეო პოლიტიკის კუთხით ზოგადი დაპირებებით შემოიფარგლებიან: გიორგი მარგველაშვილი აპირებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის გაგრძელებას და პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის დათბობას; დავით ბაქრაძე – ევროატლანტიკური ხაზის გაძლიერებას და ოკუპაციასთან შეუგუებლობას; ხოლო ნინო ბურჯანაძის თქმით, “ნატოსთან ურთიერთობა არ უნდა იყოს მიმართული მესამე ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესების წინააღმდეგ, არამედ უნდა ემსახურებოდეს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი