ახალი ამბები

სუბარის თქმით, ხურჩის საქმეზე დაკავებულები ტერაქტს “თავისით ვერ დაგეგმავდნენ”

23 ოქტომბერი, 2013 • • 940
სუბარის თქმით, ხურჩის საქმეზე დაკავებულები ტერაქტს “თავისით ვერ დაგეგმავდნენ”

“ეს ტერაქტი დღეს გახსნილია და დადგენილია ადამიანები, რომლებიც მის განხორციელებაში მონაწილეობდნენ. ის ადამიანნები, რომლებმაც ეს განახორციელეს, თავისით ვერ დაგეგმავდნენ და რომც დაეგეგმათ, მაშინვე საპყრობილეში იქნებოდნენ”, – განაცხადა სუბარმა.

 

მისივე თქმით, როცა ეს ფაქტი მოხდა, მეორე დღეს მასთან, როგორც სახალხო დამცველთან, მივიდნენ ნორვეგიელი და შვედი დამკვირვებლები, რომლებიც ამ საქმეს სწავლობდნენ:


“მათ პირდაპირ დეტალებში გააკეთეს განცხადება, რომ ეს იყო აბსოლუტურად დაგეგმილი ტერაქტი და ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო ქვეყანაში. ამის შემდეგ იყო ჟურნალისტური გამოძიება, “რუსთავი 2″-ს აღბეჭდილიც აქვს, როგორ ხვდება ტყვია დაზარალებულს, როგორ ყვირის, თუმცა მიუხედავად მტკიცებულებებისა, მაშინდელმა გამოძიებამ არაფერი გააკეთა,” – აცხადებს სუბარი. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გამოძიება ამ საქმეზე სხვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზეც გავიდეს.


შსს-მ გუშინ ხურჩაში ხუთი წლის წინ მომხდარი აფეთქების ფაქტზე ტერაქტის ბრალდებით დააკავა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი