ტელევიზიის საბჭოს ხუთი წევრიდან სამი – ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე და ზაზა ხალვაში უმაღლესმა საბჭომ 18 ოქტომბერს შეარჩია. სამივე კანდიდატი „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ იყო წარდგენილი. იმავე დღეს უმრავლესობამ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები – ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძე ჩააგდო, ანუ მხარი არ დაუჭირა.
მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, განმეორებით შერჩევის დროს, აჭარის ტელევიზიის ბორდის ასარჩევად საკმარისია დეპუტატების ხმების 1/3, ანუ წარდგენილი კანდიდატების შესარჩევად 7 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისია. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი უმაღლეს საბჭოში 8 დეპუტატი ჰყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს საბჭოს უმცირესობას, თავისი კანდიდატების გასაყვანად „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერა არ სჭირდება.
პეტრე ზამბახიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ წარმოადგენს უმაღლეს საბჭოში, ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ კანონის დარღვევით მათი კვოტის მითვისებას აპირებს:
„გუშინ სამსახურში დიდი კამათი გვქონდა ამაზე. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ჩვენს კვოტაზე მას შეუძლია წარადგინოს თავისი კანდიდატები. თქვენი კანდიდატები თუ 8 ხმას მიიღებენ, ჩვენებს 11 ხმა ექნებათ და ვისაც უფრო მეტი ხმა ექნება, აჭარის ტელევიზიის საბჭოშიც ის შევაო. ვერ გავაგებინეთ ამ ხალხს, რომ, კანონის მიხედვით, ეს არის ფრაქციის კვოტა, ანუ თითო ფრაქციას თითო კვოტა აქვს და სხვა ვერც ერთი ჯგუფი ვერ წარადგენს კანდიდატს, რადგან მათ უკვე დაამტკიცეს თავიანთი კანდიდატები. თუ ამას გააკეთებენ, ჩათვალეთ, რომ აჭარის ტელევიზია გახდება არა “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, არამედ უმაღლესი საბჭოს დამატება“.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ აკაკი ძნელაძე ადასტურეს პეტრე ზამბახიძის ინფორმაციას:
„კანონში არის ასეთი დათქმა, იმ შემთხვევაში თუ პირველ ეტაპზე მრჩეველი ჩავარდება, მაშინ ყველა ფრაქციას აქვს უფლება დამატებით წარადგინოს კანდიდატი. ამისი ინტერპრეტირება შეიძლება სხვადასხვანაირად, თუმცა, ჩვენ იურისტებთან გავიარეთ კონსულტაციები და პირველად წარდგენის შემთხვევაში ჰქონდა თითო ფრაქციას თითო კანდიდატი. ამ ეტაპზე 12 იურისტთან გავარკვიეთ და პეტრემ რაღაც სხვანაირად დაიწყო. ანუ კონსულტაციები იყო იურისტებთან და იურისტებმა დაგვისაბუთეს, რომ ჩვენ მეორე ეტაპზე გვაქვს წარდგენის უფლება ორ თავისუფალ ადგილზე. ჩვენ ასე დაგვისაბუთეს“.
დღეს საოციალურ ქსელ ფეისბუქში აჭარის ტელევიზიის ტოქ შოუების პროდიუსერმა ტარიელ ცეცხლაძემ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა.
„22 ოქტომბერს 13:00-ზე “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” ვმართავ პრესკონფერენციას, აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. ფაქტია, რომ უმაღლესი საბჭო ცდილობს ტელევიზია აქციოს “ჯიბის ტელევიზიად”. მიკვირს იმ კოლეგებისა, ვინც ამას მშვიდად უყურებს. მეგობრებო, ახალი ხელისუფლება ტელევიზიებში თავისი კადრების ჩანერგვას აპირებს და სანამ ამ პროცესს დაასრულებს ხმა არ უნდა ამოვიღოთ?
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი სამუშაო სტატუსიც ცალ ფეხზე მკიდია, ანაზღაურებაც და ხვალ, 13 საათზე ვაპირებ გავაპროტესტო ეს საკითხი. ვინც მხარს მიჭრს ველოდები “დემოკრატიული ჩართულობის ცენტში”, ვინც არა?! მოუფრთხილდეს ჯიბეს და დაიკიდოს ღირსება…“
მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის თანაავტორი, პარლამენტის იურიდიული კომპიტეტის წამყვანი სპეციალისტს ლიკა საჯაია აჭარის ტელევიზიის საბჭოს არჩევის წესთან დაკავშირებით განმარტავს:
„კანონის 35(5)-ე მუხლის მე-7 პუნქტში ჩვენ გვიწერია, რომე ხუთი კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება ფრაქციებს შორის. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-სა. ანუ ყველა ფრაქციას აქვს თავისი კვოტა, ფრაქციებს სამჯერ აქვთ წარდგენის უფლება და საბოლოოდ თუ ვერც ერთმა ვერ მიიღო სათანადო ხმების ოდენობა, ამ შემთხვევაში ირჩევენ იმას, ვინც სამჯერ კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. შესაბამისად, ფრაქცია, რომელმაც თავისი კვოტით უკვე დაამტკიცა თავისი კანდიდატურა, იმ ფრაქციას კანდიდატურის წარდგენის უფლება აღარ აქვს.
ლიკა საჯაიას თქმით, თუ უმაღლესი საჭოს უმრავლესობა მაინც წარადგენს თავის კანდიდატურებს აჭარის ტელევიზიის საბჭოში ასერჩევად, ამით კანონი დაირღვევა:
„ეს არის ცალსახად კანონის დარღვევა, რადგან კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება. ეს სწორედ იმას გულისხმობს, რომ არის კვოტები, პროცედურულად არის გაწერილი, ჯერ ვის კანდიდატურას აძლევენ ხმას, მერე ვის კანდიდატურებს, ანუ ისე რომ არ მოხდეს, როგორც თვითონ დაინახავენ კანონს. ასე რომ არ იყოს, კვოტებს არანაირი აზრი არ ექნებოდა და ნებისმიერ შემთხვევაში გვეცოდინებოდა, რომ უმრავლესობა მიიღებს მეტ ხმას. ამ შემთხვევაში კანონიც აზრს კარგავს.
35 (5)-ე მუხლის მე-11 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ სამჯერ კენჭისყრის შემდეგ აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხას ამ კვოტების შესაბამისად. მე-11 პუნქტში წერია, რომ კანდიდატი კვოტებით უნდა განისაზღვროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმრავლესობის წარდგენილი კანდიდატი ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. მე-7 პუნქტში კი პირდაპირ წერია, რომ ხუთი კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება ფრაქციებს შორის, ფრაქციაში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით“.
კანონპროექტის კიდევ ერთი ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ თამარ კორძაია, მაუწყებლის შესახებ კანონის ამ ნაწილს განმარტავს: „აჭარის ტელევიზიის მეურვეთა არჩევის დროს, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა არჩევის დროს, უმრავლესობა ასახელებს თავის სასურველ კანდიდატებს, უმცირესობა – თავის კანდიდატებს.
თუ უმრავლესობამ სამი კანდიდატი აირჩია, ორი კანდიდატი ისევ უნდა წარადგინოს უმცირესობამ და მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს უნდა ეყაროს კენჭი.
მთელი არსი კვოტირების მდგომარეობს იმაში, რომ კვოტირება იყოს რეალური. კანდიდატების ჩავარდნის შემთხვევაში თუ უმრავლესობას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა, ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა ყოველთვის ჩააგდებს უმცირესობის კანდიდატს და ხუთივე კანდიდატს წარადგენს თავისას, რაც საფუძველშივე არასწორია“.
თუ უმაღლესი საბჭო კანონს დაარღვევს და მაინც წარადგენს უმცირესობისთვის კანონით განსაზღვრულ კვოტაზე თავის კანდიდატებს, რა ბერკეტები არსებობს დარღვევის გამოსასწორებლად? – ამ კითხვის პასუხოდ თამარ კორძაია განმარტავს, რომ დაინტერესებულმა პირებმა სასამართლოში უნდა იჩივლონ და ამ გზით გააუქმონ უმრავლესობის მიღებულ გადაწყვეტილება.