ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ნათელაშვილი აქციებს გამართავს

21 ოქტომბერი, 2013 •
საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ნათელაშვილი აქციებს გამართავს

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო “გაბრწყინდება”:


„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში დაისადგურებს ჭეშმარიტი დემოკრატია, სამართლიანობა, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, დამთავრდება ელიტის პარპაში, ღარიბი იქნება დაცული, მდიდარი გაკონტროლებული, ეროვნული იდეოლოგია წინა პლანზე წამოწეული, ყველა ერის, ეროვნების და რელიგიის მიმდევარის უფლებები დაცული და ჩვენ მივიღებთ იმ გაჭენებულ და გამოჭენებულ ამაყ საქართველოს, რომელიც ჩვენი ნატვრის ობიექტია უკვე ამდენი ხანია.“

 

შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილის პროგრამის თანახმად, აქტიურად დაიწყება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “შემომტკიცებისა” და აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების პროცესი; საქართველოში შეწყდება ზესახელწმიფოთა დაპირისპირება და ქვეყანა გადაიქცევა მსოფლიო პოლუსების თანამშრომლობის სივრცედ; რუსეთის ფედერაციასთან აღდგება მეგობრული ურთიერთობები და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და იგივე რუსეთთან მიღწეული იქნება გამარტივებული, უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის.

 

ამავე პროგრამის მიხედვით, ბაგა–ბაღიდან უმაღლეს განათლებამდე სწავლა ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება, სტუდენტებზე აღდგება სტიპენდიების გაცემა, გაიზრდება ლექტორ–პედაგოგთა ხელფასები; ნიჭიერ ახალგაზრდებს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით გაუშვებს უცხოეთში განათლების მისაღებად; ყველა რეგიონში გაიხსნება უფასო სპორტული სკოლა.

 

რაც შეეხება ჯანდაცვას, ნათლაშვილის პროგრამის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვა გადაუდებელი ოპერაციების ჩათვლით სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, გაიზრდება სამედიცინო პერსონალის ხელფასები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები უმწეოთათვის უფასო იქნება.


ნათელაშვილის პროგრამაში აქცენტი კეთდება სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზეც:


„განსაკურებული მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული ობიექტები და სიმდიდრეები დაუბრუნდება სახელმწიფოს საერთო–სახალხო საკუთრებაში. სამუდამოდ აიკრძალება სასოფლო–სამეურნეო სავარგულების უცხოელებისთვის მიყიდვა, ხოლო რაც უკვე გაყიდულია, სახელმწიფო უკან დაიბრუნებს,“ – წერია პროგრამაში.

 

ნათელაშვილი ყურადღებას ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ქორწინება, ერთკვირიანი საქორწინო მოგზაურობა და მშობიარობა სახელმწიფოს მეირ დაფინანსდება:


„ბავშვის დაბადებისთანავე მის სახელზე გაიხსნება ანგარიში, სადაც სახელმწიფო 18 წლის ასაკამდე ჩარიცხავს შესაბამის თანხას,“ – ვკითხულობთ პროგრამაში, რომელშიც დაკონკრეტებული არ არის, რას ნიშნავს „შესაბამისი თანხა“.


რაც შეეხება ბიზნნესს, ნათელაშვილი განმარტავს, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესის დაცვა სახელმწიფო სტრატეგიად გადაიქცევა, ხოლო სალარო აპარატები გაუქმდება:


„დაწესდება ფიქსირებული გადასახადი, გაუქმდება საკასო აპარატები, არ დაიშვება ამ დარგში დასაქმებულთა დატერორება და გაუთავებელი შემოწმება–დაჯარიმებები.”


პროგრამის თანახმად, არჩევითი იქნება  მუნიციპალიტეტების, ქალაქების, სამხარეო ადმინსიტრაციათა ხელმძღვანელები, მოსამართლეები და მაქსიმალურად მეტი თანამდებობის პირი:


„გაუქმდება მაჟორიტარი დეპუტატის სამარცხვინო ინსტიტუტი. დეპუტატი დაექვემდებარება ვადამდე გამოწვევას, შეწყდება კოჰაბიტაცია, ყველა თანამდებობის პირი პასუხს აგებს ჩადენილ დანაშაულზე, მკვეთრად შემცირდება უმაღლესი  შესანახი ხარჯები და გაუქმდება საშვების სისტემა,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

 

ნათელაშვილი მოსახლეობას წყალზე გადასახადის გაუქმებას და ელექტროენერგიასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე „უსამართლო ტარიფების“ განახევრებას ჰპირდება:

 

„განსაკუთრებული ზრუნვა დაწესდება პენსიონერებზე, დევნილებზე, შშმ პირებზე, მრავალშვილიანებზე, მარჩენალდაკარგულებზე.  ყველაფერი გაკეთდება ემიგრაციაში წასული ქართველების დასაბრუნებლად. ეტაპობრივად დაიწყება წართმეული ანაბრების გაცემა, შემცირდება საბანკო ყაჩაღური პროცენტები, შეწყდება მოვალეების გამოსახლება, გაიცემა გრძელვადიანი და დაბალპროეცენტიანი სესხები. უსახლკაროთათვის აღდგება სახელმწიფო საბინაო ფონდი,“ – ვკითხულობთ პროგრამაში.


კითხვაზე, რა თანხები ჭირდება მის დაპირებებს შესასრულებლად და არის თუ არა მათი განხორციელებისათვის ქვეყნის ბიუჯეტი საკმარისი, ნათელაშვილი პასუხობს:


„ეს თანხები ბიუჯეტში არის. ჩვენ უბრალოდ მას გადმოვანაწილებთ მინისტრებიდან და დეპუტატებიდან ხალხზე. ეს ბიუჯეტი არსებობს, ეს არ არის ციდან მოგონილი ამბები, მაგრამ პენსიების გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, უფრო გლობალური საკითხების გადაწყვეტა დაკავშირებულია რუსეთის ბაზრის დაბრუნებასთან, ამიტომ მაქვს ეს პუნქტი პროგრამაში.


ნათელაშვილის თქმით, ის საქართველოს 700 ქალაქსა და სოფელში შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მის მიმართ მხარდაჭერა ქვეყანაში ერთმნიშვნელოვანია. მისივე სიტყვებით, დანარჩენ კანდიდატებს პულსი არ ესინჯებათ და სუნთქვა არ ეტყობათ, ხოლო თუ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, ნათელაშვილი ხელისუფლებას საპროტესტო აქციებს ჰპირდება:


„თუ ხელისუფლება მაინც წავა გაყალბებაზე, მაშინ იძულებული გავხდები, ჩემს მხარდამჭრებს საქართველოდან დავუძახო რუსთაველის პროსპექტზე. ჩემი პრეზიდენტად არგასვლის შემთხვევაში ჩემს ამომრჩეველს ივანიშვილი და ხელისუფლება დათვლის რუსთაველზე. არ ვუსურვებდი მას ამ პროცედურას. მისთვის ეს სასიამოვნო არ იქნება და როგორც გვპირდებოდა პრემიერი საოცარი დემოკრატიის აშენებას, ეს დაამტკიცოს საქმით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი