ახალი ამბები

წულუკიანი: ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ტყუილზე დაფუძნებით იბრძვიან

30 მარტი, 2018 • 3895
წულუკიანი: ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ტყუილზე დაფუძნებით იბრძვიან

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელის საქმესთან დაკავშირებით ტყუილის თქმაში დაადანაშაულა ქალი, რომელმაც პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და ომბუდსმენს მიმართა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს ქალმა მას დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების საქმეზე მიმართა და ამ ყველაფრის შესახებ იცოდა.

ეს განცხადება თეა წულუკიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მინისტრის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

“ძალიან სამარცხვვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით, ეს მე ბევრჯერ ვთქვი, კიდევ ერთხელ ვიტყვი.  ჩვენ, ქალებს, გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას – ვერბალურს და ფიზიკურს. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული, ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის იმ დღეს, როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური. შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი, რომ მერე რა მოხდა, ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია-მეთქი.

შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა წინ ვერ წავა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავები, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეებს მიეცეთ საშუალება, რომ მშვიდ პირობებში, სასამართლოს განახილინონ,”- განაცხადა თეა  წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, პაპუნა უგრეხელიძემ მას წარუდგინა დოკუმენტი, სადაც მის უდანაშაულობაზეა საუბარი:

“როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან, მან მოიტანა საქმის მასალები, რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა, მაჩვენა, იქ დევს  ექსპერტიზის დასკვნა სხვებს შორის, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი, საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს.

ამიტომაც დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს, მომავალში არცერთმა არ ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ, ქალებს, ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში,”- განაცხადა წულუკიანმა.


საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძეს თანამშრომლები დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ერთმა მათგანმა ომბუდსმენს მიმართა, რომელმაც მის მიმართ დისკრიმინაცია და შევიწროების არსებობს დაადასტურა, ხოლო ორი – სასამართლოს გზით დავობს უგრეხელიძის წინააღმდეგ.

“საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი “ციყვები”, მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა” – აცხადებენ მოსარჩელეები.

იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ხელძღვანელ პაპუნა უგრეხელიძეს თანამშრომლები სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა მედიასთან ისაუბრა. ამ ყოფილი თანამშრომლის საქმეზე სახალხო დამცველმა  2017 წლის მაისში დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ, [დაზარალებულის] მიმართ ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”.

მას შემდეგ, რაც დასკვნის შესახებ მედიითაც გახდა ცნობილი და უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლმა კონფიდენციალურად ისაუბრა მედიასთან, უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა.

პაპუნა უგრეხელიძე უარყოფს და ანგარიშსწორების მცდელობას უწოდებს ყოფილი თანამშრომლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. მისივე თქმით, ყოფილმა თანამშრომელმა მასზე შური იძია, რადგან მანამდე მისი ქმარი გაათავისუფლა საჯარო რეესტრში დაკავებული სამსახურიდან.

პაპუნა უგრეხელიძე განცხადებაში ასევე საუბრობს იმ ორ ადამიანზე, ვინც მას სასამართლოში უჩივლა:

“[ყოფილი თანამშრომელი] კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე “შევიწროების” არგუმენტის დამატება ურჩია,” – აღნიშნა უგრეხელიძემ თავის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი