დემნა გვასალია პასუხობს უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას Vetements-ის გაყიდვების ვარდნის თაობაზე. განცხადებაში, რომელიც დემნა გვასალიამ ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გაავრცელა, ნათქვამია, რომ Vetements ახლა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა:
“Vetements მხარს არ უჭერს ფსევდოჟურნალისტიკას, რომელიც ტყუილებსა და ჭორებს ეფუძნება. ჩვენი გუნდი დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩემი ვალდებულებები და მონაწილეობა ბრენდის საქმიანობაში მისი დაარსების დღიდან უცვლელია. მე ყოველთვის ვიყავი ბრენდის კრეატიული დირექტორი. ჩემი ფოკუსი ყოველთვის მიმართული იყო და იქნება პროდუქციაზე და მომხმარებლებზე, რომლებიც მას იცვამენ” – წერს გვასალია.
გუშინ მოდის ტაბლოიდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Vetements-ის გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა. გამოცემა წერდა, რომ დემნა გვასალია “ბალენსიაგასთვის” შექმნილი სამოსით მსოფლიოს კვლავ აოცებს, თუმცა მისი შექმნილი Vetements-ის კოლექციები ორიგინალურობით აღარ გამოირჩევა.
“რაც ზევით ადის, ძირსაც აუცილებლად ვარდება – სწორედ ამის კარგი მაგალითია Vetements-ის მიმდინარე სეზონი. ბრენდმა სათავო ოფისი ციურიხში გადაიტანა და კოლექციის შექმნის ერთი სეზონიც ჩააგდო. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში კი წინა სეზონის ტრენდები ჭარბობდა” – წერდა გამოცემა.