ახალი ამბები

გერმანიის შს მინისტრს თავშესაფრებიდან მიგრანტების გარეთ გასვლის შეზღუდვა სურს

30 მარტი, 2018 • 5067
გერმანიის შს მინისტრს თავშესაფრებიდან მიგრანტების გარეთ გასვლის შეზღუდვა სურს

გერმანიის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის განცხადებით, თავშესაფრების მაძიებელთათვის სპეციალურ ცენტრებში განთავსების პირობების გამკაცრება სურს. ამ ცენტრებში განთავსდებიან მიგრანტები ქვეყანაში ჩამოსვლიდან დეპორტაციამდე პერიოდში და მათ გარეთ გასვლის უფლება, გამონაკლისის გარდა, არ ექნებათ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

როგორც გერმანული გამოცემა იტყობინება, გერმანიის შს სამინისტრო ცენტრებზე დეტალურ ინფორმაციას აღდგომის კვირის შემდეგ გაავრცელებს, თუმცა ამ დროისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ ცენტრებს მეთვალყურეობას პოლიცია გაუწევს.

ზეეჰოფერმა ასევე განმარტა, რომ თავშესაფრის მაძიებელთათვის ცენტრებში დარჩენა 18 თვეზე მეტხანს არ შეიძლება, ხოლო იმ ემიგრანტებს, რომლებსაც სახელმწიფო, დიდი ალბათობით, მისცემს ქვეყანაში დარჩენის უფლებას, ცენტრების დატოვების საშუალება ექნებათ.

გერმანიის შს მინისტრის გეგმის მიხედვით, ამ ცენტრების მეთვალყურეობის გარდა, პოლიციელებს საზღვრების დაცვაც დაევალებათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამართალდამცავი ორგანო სკეპტიკურად შეხვდა. როგორც Deutsche Welle წერს, ზეჰოფერის გადაწყვეტილებას, პოლიცია უფრო აქტიურად ჩართოს ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკაში, გერმანიის პოლიციის კავშირი ეხმაურება. მათი თქმით, პოლიციის პასუხისმგებლობაში არ შედის თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ჰორსტ ზეეჰოფერი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრად 14 მარტს აირჩიეს, მანამდე ის ბავარიის მთავრობის მეთაური იყო. მოსვლისთანავე ცნობილი გახდა მოსაზრებით, რომელიც  BILD-თან ინტერვიუს დროს გამოხატა:

“ისლამი გერმანიას არ ეკუთვნის. ქვეყანა ქრისტიანობამ ჩამოაყალიბა,”

გარდა ამისა, პარლამენტში მისი პირველი გამოსვლის დროს ზეეჰოფერმა განაცხადა, რომ გერმანიას საზღვრების გამკაცრება სჭირდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი