საზოგადოება

საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა

25 თებერვალი, 2023 • 1724
საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა

საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 28 797 შეადგინა.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, საქართველოში შედის ქვეყნების ათეულში (სირია, ავღანეთი, თურქეთი, ვენესუელა, კოლუმბია, პაკისტანი, ბანგლადეში, საქართველო, უკრაინა, ერაყი), საიდანაც ევროკავშირს ყველაზე ხშირად მიმართავენ თავშესაფრის თხოვნით. 2022 წელს საქართველოდან მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში, ვიდრე ომში მყოფი უკრაინიდან (28 318 განაცხადი). თუმცა ეს აიხსნება იმით, რომ უკრაინიდან გაქცეული დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ექსკლუზიურად დარეგისტრირდა დროებითი დაცვისთვის, თავშესაფრის მიღების პროცედურის გარეშე. EUAA-ს ცნობით, თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა, ბანგლადეშელებმა და ქართველებმა ყველაზე მეტი განაცხადი გააკეთეს მინიმუმ 2008 წლიდან.

ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2016 — 8 775
  • 2017 — 12 060
  • 2018 — 20 950
  • 2019 — 22 765
  • 2020 — 8 905
  • 2021 — 14 970
  • 2022 — 28 797

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო (EUAA) ასევე აქვეყნებს Ridgeway Information-ის და Stop The Traffik-ის მიგრაციის მიზეზების ანალიზს (Migration Drivers Reports). MDR-ში მოცემული ინფორმაცია და შეხედულებები ეკუთვნის ავტორებს და აუცილებლად არ ასახავს EUAA-ს აზრს.

MDR ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებისგან მიღებული თავშესაფრის განაცხადები 183%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უცვლელი დარჩა ძირითადი ქვეყნები, რომლებსაც ქართველები ყველაზე ხშირად მიმართავენ თავშესაფრისთვის — საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ მიიღეს ყველა ქართული განაცხადის თითქმის ოთხი მეხუთედი.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 390 მოქალაქემ მიიღო დროებითი დაცვის სპეციალური სტატუსი, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთათვის. 80-მა ადამიანმა მიიღო ლტოლვილის სტატუსი, 160-მა — ჰუმანიტარული სტატუსი და 35-მა სუბსიდიარული დაცვის სტატუსი.

საქართველოდან აპლიკაციების ზრდა დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ ზემოქმედებასთან საქართველოში — გაზრდილ ინფლაციასთან, დედაქალაქში გაძვირებულ ქირის ფასებთან და ზოგადად, ცხოვრების ფასთან საქართველოში.

არ არსებობს მტკიცებულება საქართველოს მოქალაქეების მიერ მიგრანტების კონტრაბანდის ქსელების ფართოდ გამოყენების შესახებ.

დოკუმენტში საუბარია პოლიტიკურ გარემოზე და ადამიანის უფლებების გამოწვევებზე საქართველოშიც.

„გავრცელებულია პრეტენზია, რომ კრემლის მომხრე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს მნიშვნელოვან ზეგავლენას საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იკავებს ფორმალურ თანამდებობას. საქართველოს მთავრობაზე სავარაუდო პრორუსული გავლენის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა ინარჩუნებს მნიშვნელოვან პრო-ევროკავშირულ განწყობებს და მაღალია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა“, — ნათქვამია ანგარიშში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბოლო წლებში მოსახლეობის გადინებას უკავშირებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

კობახიძე ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას EU-ში უვიზო მიმოსვლას უკავშირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი