საზოგადოება

2023 წელს გერმანიას თავშესაფრისთვის 9 ათასზე მეტმა ქართველმა მიმართა

9 იანვარი, 2024 • 1283
2023 წელს გერმანიას თავშესაფრისთვის 9 ათასზე მეტმა ქართველმა მიმართა

2023 წელს საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი 9 399 ადამიანმა ითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური (BAMF) ავრცელებს.

მათივე ცნობით, 9399 ადამიანიდან 8414-მა პირველად მიმართა გერმანიას თავშესაფრის თხოვნით. გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის თანახმად, 2023 წელს საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადების 0.3% დაკმაყოფილდა.

2023 წლის მონაცემებით, გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა განაცხადების რაოდენობით საქართველო მეექვსე ადგილზეა. გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობით პირველ ხუთ ადგილს იკავებენ: სირია (104 561), თურქეთი (62 624), ავღანეთი (53 582), ერაყი (12 360) და ირანი (10 206).

ამასთან, გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ცნობით, 2023 წელს გერმანიაში თავშესაფრი 351 915-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წელთან შედარებით 51,1%-ითაა გაზრდილი.


2023 წლის  15 დეკემბერს გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესტაგმა) მიერ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა. ბუნდესტაგის გადაწყვეტილებიდან 4 დღის შემდეგ კი, 19 დეკემბერს, საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

თუკი ადრე საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელი მოქალაქეების განაცხადების განხილვა შესაძლოა, თვეები ან წლები გაგრძელებულიყო, მომავალი წლიდან საქართველოს მოქალაქეების განაცხადები მოკლე პერიოდში განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი