ახალი ამბები

ჟვანია: კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, არჩევნები ერთი კანდიდატურის პირობებში ჩატარდება

20 ოქტომბერი, 2013 •
ჟვანია: კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, არჩევნები ერთი კანდიდატურის პირობებში ჩატარდება

” მეორე ტურში გადადის საუკეთესო შედეგის მქონე  ორი კანდიდატი, ვინაიდან საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებისთვის ორტურიანი საარჩევნო სისტემა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში ერთ–ერთმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა და მეორე დარჩა, არჩევნები ერთი კანდიდატურის პირობებში ჩატარდება”– განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ “რუსთავი 2″–ის ეთერით. 

 

მისივე განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ორგანიზაციული და ტექნიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად მზადაა, რომ ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვას ხელი შეუწყოს:

 

” ასევე ასახოს ის რეალობა, რაც არჩევნების დღეს გამოიხატება ამომრჩევლების მიერ. ვთვლი, რომ საქართველო ნამდვილად ჩააბარებს ამ ტესტს კიდევ ერთხელ და იქნება გაცილებით უკეთესი არჩევნები, რაც საქართველოს ისტორიაში ოდესმე ჩატარებულა”– განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

 

იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში არჩევნები მხოლოდ ერთი კანდიდატის მონაწილეობით ჩატარდება, ერთი ხმაც საკმარისია მის პრეზიდენტად ასარჩევად. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 ოქტომბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც მედიას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები გააცნეს. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 3 537 719 ადამიანია. საარჩევნო ბიულეტინების ბეჭდვა კი ორშაბათიდან დაიწყება და პროცესს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დააკვირდებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი