ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს: თავი არ უნდა დაუხაროთ ხელისუფალს

19 ოქტომბერი, 2013 •
ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს: თავი არ უნდა დაუხაროთ ხელისუფალს

პრემიერ–მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლებში ქართული და რუსული ენა დროდადრო ერთმანეთს ცვლიდა. ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის განმავლობაში მიღებულ მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა ახალმა მთავრობამ:

 

“მხედველობაში მაქვს სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვა. მდგომარეობა იყო ძალიან რთული, პრაქტიკულად მკურნალობის საშუალება არ ჰქონდათ ჩვენს მოქალაქეებს და საოცრება მოხდა ამ დარგში. ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხები ჯანდაცვას გადავეცით და ც ჰეპატიტის მკურნალობასაც კი დაიწყებს უფასოდ ჩვენი მთავრობა. ეს არის ძალიან ძვირი მკურნალობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”

 

პრემიერ–მინისტრმა გიროგი მარგველაშვილი თავად წარუდგინა შეკრებილებს, მან ყურადღება გაამახვილა ამომრჩვლების მუხტზე და აღნიშნა, რომ ხალხმა ხელისუფალს უნდა აიძულოს ისე მოიქცეს, როგორც ხალხს სურს:

 

“თავი არ უნდა დაუხაროთ ხელისუფალს, მადლობა უნდა უთხრათ, თუ სწორად იქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავაწეულმა უნდა უყურო. თავდახრილს თავზე გვაჯდებიან და ეს დრო უნდა დასრულდეს, არავის თავი არ დაუხაროთ ზედმეტად. ასეთი მომართულები უნდა მოხვიდეთ, ასეთი ძლიერი მუხტი გქონდეთ და ხელისუფალს უნდა აიძულოთ ისე მოიქცეს, როგორც თქვენ მოგეწონებათ”.

 

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო 20 წელს როგორც საზოგადოების აქტიური წევრი, ისე გაატარებს და ყოველი წელიწადი წინაზე უკეთესი იქნება.

 

“მე პოლიტიკიდან მივდივარ, მაგრამ მოვდივართ თქვენთან და ჩვენ ერთად გადავლახავთ ჩენ ყველაზე დიდ პრობლემებს. 20 წლის განმავლობაში მე გავაგრძელებ მოღვაწეობას თქვენთან ერთად და წლიდან წლამდე უკეთესს ცხოვრებას შევქმნით. თითოეულს ხელს გართმევთ, მეც გლეხის შვილი ვარ, სოფლიდან წამოსული ვარ, მიწაზე ვმუშაობდი ძირითადად და ძალიან კარგად ვიცი შრომის ფასი, როგორი დაკოჟრილი ხელები გაქვთ თქვენ. როგორი მშრომელი ხალხიც ხართ, ძალიან კარგად ვხედავ და ვაფასებ. ჩვენ ხელით შრომიდან თანდათან გადავალთ გონებრივ შრომაზე, თანდათანობით შევიცვლით შრომის იარაღს და ჩვენი ოჯახის შემოსავლის რაოდენობასაც გავზრდით ამის პარალელურად, და აუცილებლად ღირსეულად და ევროპულად ვიცხოვრებთ”– განაცხადა ივანიშვილმა.

 

თავად გიორგი მარგველაშვილმა კი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უარს ამბობს მეორე ტურში მონაწილეობაზე, რადგან ენდობა საქართველოს მოსახლეობას.

 

“როგორ შეიძლება უარი ვთქვათ მეორე ტურზე? მარტივად, იმდენად შეიძლება, რამდენადაც შენ ენდობი შენს ერს. მე უარს ვამბობ იმიტომ, რომ თქვენ გენდობით და არა იმიტომ, რომ რამე ამპარტავნება მაქვს. მე თქვენი ნდობიდან გამომდინარე ვამბობ უარს. მე ამით ნათლად ვაჩვენებ, რომ არ არის არავითარი კითხვის ნიშანი”– განაცხდა მარგველაშვილმა

 

მარნეულის ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა კიდევ ერთი შეხვედრა რუსთავში გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი