ახალი ამბები

2017 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო უწყებები – IDFI

30 მარტი, 2018 • 1880
2017 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო უწყებები – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2017 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო უწყებების სია გამოაქვეყნა.

IDFI-ის ცნობით, 2017 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა 39-მა საჯარო დაწესებულებამ. მათ შორის იყო შემდეგი სამინისტროები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

2017 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა სსიპ – შემოსავლების სამსახური. როგორც IDFI აცხადებს, შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა 29 მოთხოვნა, საიდანაც პასუხი არცერთ მოთხოვნაზე მიუღიათ. ინსტიტუტის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი, 2013 წლის შემდეგ, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად უარესდება და 2016 წლიდან 0%-ს უტოლდება.

IDFI-ის ინფორმაციით, 2017 წელს, შემოსავლების სამსახურის გარდა, საქართველოს 289 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კიდევ 13 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, ვინც სრულად უგულებელყო კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის ყველა განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.

2017 წელს IDFI-იმ 289 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ 7 728 მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხი მიიღო 4 604 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 483 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 51 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 946 მოთხოვნა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.”

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეგრესის თვალსაზრისით, ინსტიტუტის განცხადებით, გამორჩეულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც 2016 წლის 81,9%*-იანი მაჩვენებელი 2017 წელს 69,8%-ით გააუარესა და 12,1% შეადგინა. მათი ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში მაჩვენებელი გაუარესდა 35,7%-ით.

IDFI-ის განცხადებით, 2017 წელს გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა 2016 წელს ყველაზე დახურულ უწყებად დასახელებული იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, რომელმაც 2016 წლის 0%-იანი მაჩვენებელი 74,9%-ით გააუმჯობესა: “ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის 2017 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის გაუმჯობესებით აგრეთვე გამორჩეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო + 46,2%.”

დეტალური ინფორმაცია 2017 წლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასების და ტენდენციების, ასევე, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით IDFI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების პრაქტიკის შესახებ იხილეთ ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი