პირს, რომელმაც უზბეკეთის მოქალაქე იძულებით პროსტიტუციაში ჩართო, 12 წელი მიესაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის  მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი) ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.უ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის აგვისტოში, მ.უ-მ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე საქართველოში ჩამოიყვანა, რის შემდგომ ჩამოართვა პასპორტი, საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ ბინაში, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობითა და იძულებით ჩართო პროსტიტუციაში. მ.უ-ს დაზარალებული ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში გადაჰყავდა და იძულებით მის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.

ვინაიდან მ.უ. მიემალა გამოძიებას, 2017 წლის 31 ოქტომბერს მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლისკოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთგაყვანით), აღკვეთის ღონისძიების სახით  შეუფარდა  პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მ.უ. დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ  და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.