ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ლურჯი თმის დასაცავად – აქცია ერევანში

29 მარტი, 2018 •
ლურჯი თმის დასაცავად – აქცია ერევანში

დღეს, 29 მარტს, სომხეთის დედაქალაქში მოქალაქე ასია ხაჩატრიანის უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია, სლოგანით “ლურჯი” გაიმართა. როგორც ასია ხაჩატრიანი ამბობს, ის ყარაბაღის პოლიციის დეპარტამენტში სამართალდამცველთა მხრიდან ლურჯი თმის ფერის გამო უკანონო დაკავების მსხვერპლი გახდა.

ერევანში დღევანდელი მარშის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები, წარწერით: “არა პოლიციას”; “ქალები სისტემის წინააღმდეგ”; “ლურჯი თმა მილიტარიზაციის წინააღმდეგ”; “სად არის შენი თავშეკავება, უცნობო პოლიციელო”; “ქალების მოწევა საზიანოა პოლიციელის ჯანმრთელობისთვის”, “საკანალიზაციო წყალი ყარაბაღის პოლიციის დეპარტამენტში მიდის” და სხვა.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასია ხაჩატრიანი ამბობს, როგორ დააკავეს უკანონოდ მთიანი ყარაბაღის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც განუმარტეს დაკავების მიზეზი.

პოლიციის დეპარტამენტში მას რჩევაც მისცეს, არ მოეწია ეზოში და არ ესეირნა შუაღამით, ასევე, ყარაბაღში მომდევნო ვიზიტის დროს არ შეეღება თმა ლურჯად.

ერევანში დაბრუნების შემდეგ გოგომ ყარაბაღის სახალხო დამცველს მიმართა, რომელმაც ფაქტის გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის რეკომენდაცია გასცა.

დღეს სოლიდარობის მიზნით ერევანში ბევრმა გოგომ თმა ლურჯად შეიღება, ან ლურჯი პარიკი გაიკეთა. გოგოებმა ქუჩაში სიგარეტი მოწიეს, რაც სხვათა შორის, ერევანში მიღებული ფენომენი არ არის. მარშის დასასრულს კი განაცხადეს, რომ მსგავსი მარში კიდევ ჩატარდება.

აქცია ერევანში; ფოტო: მარიამ მუგდუსიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი