ახალი ამბები

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოს ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

28 მარტი, 2018 • 2306
ილია მეორემ რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოს ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს, კირილეს და ვლადიმერ პუტინს სამძიმრის წერილები გაუგზავნა.

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლადშესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში” – წერს ილია მეორე ვლადიმერ პუტინს.

რუსეთის პატრიარქის, კირილესთვის გაგზავნილ წერილში კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი აღნიშნავს, რომ ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა და გარდაცვლილთა ოჯახებს და ნათესავებს უთანაგრძნობს:

“თქვენო უწმინდესობავ,  26 მარტს კემეროვოს ტრაგედიამ შესძრა მთელი მსოფლიო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს. თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს, აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლადშესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა” – წერს ილია მეორე რუსეთის პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილში.


რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც რუსული გამოცემები დაღუპულთა ნათესავების მიერ შექმნილ შტაბზე დაყრდნობით წერენ, დაღუპულთა შორის 41 ბავშვია.

27 მარტის დილას ქალაქის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა, რომლებიც ტრაგედიის დროულ გამოძიებას და მასზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. ადგილზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა, რომელმაც დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.

ამავე თემაზე:  “უთხარით დედას, რომ მიყვარდა” – შემაძრწუნებელი ისტორიები კემეროვოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი