ახალი ამბები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტს განიხილავენ

17 ოქტომბერი, 2013 •
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტს განიხილავენ

სხდომის დახურვის გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მიიღო. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების ბიუჯეტები საჯაროდ არ უნდა იქნას განხილული.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ტარიელ ლონდარიძე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი საფრთხეებზე ორიენტირებული არ არის.

 

“აღნიშნული ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული საფრთხეებზე, თუნდაც იმ მოჭარბებული საფრთხიდან გამომდინარე, რაც მიმდინარეობს დღესდღეობით რუსეთის მხრიდან მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით. არაადეკვატურია აღნიშნული ბიუჯეტი და ვერ უზრუნველყოფს ამ საფრთხეების თავიდან აცილებას,”- აღნიშნა ლონდარიძემ. 

 

ირაკლი სესიშვილის განმარტებით, მართალია, მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტის იდენტურია, მაგრამ მთავარი თანხების რაციონალური ხარჯვაა:

 

“ბიუჯეტები თითქმის იდენტურია წინა წლებთან შედარებით, მაგრამ მთავარი არ არის, რომ ციფრი იგივე რჩება. მთავარი ის არის, რომ ბიუჯეტების რაციონალური გამოყენება ხდება. იმავე ბიუჯეტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტრომ უკვე განახორციელა და ამჟამად მიმდინარეობს 50 ობიექტის რემონტი. მომავალი წლიდან გვექნება საშუალება, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გავზარდოთ იმავე დაფინანსების პირობებში. ასე რომ, მთავარი არის არა ის, რა ციფრი იქნება დაფიქსირებული ბიუჯეტში, არამედ ის, რამდენად რაციონალურად, მიზნობრივად გამოიყენებს უწყება. ჩვენ ვხედავთ, რომ 2013 წელს ეს მიზნობრივად მოხდა,”-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი