აუქციონზე გატანილი ევკალიპტის ხე ოპოზიციურმა პარტიებმა 20 ათას ლარად იყიდეს

სახელმწიფოს მიერ  მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხის აუქციონი დასრულდა. “დმანისის გადარჩენის ფონდმა” ევკალიპტის ხე 20 020 ლარად იყიდა.  ფონდი 14-მდე პოლიტიკური პარტიისგან შედგება. ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, ევკალიპტის ხე, ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, მისი სიმაღლე დაახლოებით 26 მეტრია. ხის საწყისი ფასი 7 000 ლარი იყო.

აუქციონის წესების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი ფონდი 10 დღეში თანხას არ გადაიხდის (ამ შემთხვევაში  20 020 ლარს), მაშინ აუქციონში მონაწილე პირს საგარანტიო თანხა 2 800 ლარი უკან აღარ დაუბრუნდება.

“დმანისის გადარჩენის ფონდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ფონდი ევკალიპტის საფასურს გადაიხდის და ხე ისევ იმ ტერიტორიაზე მწვანე კონცხზე დარჩება.

იგივე პოლიტიკოსების გამარჯვებით დასრულდა საყდრისის საბადოს მიმდებარე 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთის იჯარაზე გამოცხადებული აუქციონი. ამ მიწაზე წლიური იჯარის უფლება 5 056 320 ლარად გაიყიდა. აუქციონში “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაიმარჯვა. სწორედ ის დარეგისტრირდა ონლაინ აუქციონზე შემსყიდველად მას შემდეგ, რაც “დმანისის გადარჩენის ფონდს” აუქციონში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

ტერიტორიის იჯარით განკარგვის უფლების მოპოვებაზე აუქციონის საწყისი ღირებულება 15 000 ლარი იყო, თუმცა საბოლოო ფასმა 5 მილიონს გადააჭარბა.

საყდრისის საბადოსთან მიწის შესწყიდვა “არ ემ ჯი გოლდს” სურდა, რომელსაც სამუშაო არეალის გადართოება სურს. რაც შეეხება ხის ტენდერს, როგორც წესი, აჭარასა და გურიაში ასწლოვანი ხეების მოგლეჯითა და საკუთარ დენდროლოგიურ პარკში გადატანით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. ივანიშვილმა ბოლო წლებში კერძო პირებისგან და სახელმწიფოსგან ბოლო წლებში არაერთი ხე შეიძინა. იმ ადგილზე, საიდანაც ხეები მოგლიჯეს, უზარმაზარი ორმოებია დარჩენილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.