სახელმწიფო 26-მეტრიან ევკალიპტის ხეს აუქციონზე ყიდის

საყდრისის საბადოს მიმდებარე 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ, დმანისის გადარჩენის ფონდი ევკალიპტის ხის შესყიდვაზე გამოცხადებულ აუქციონში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ელექტრონული აუქციონოს ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, ევკალიპტის ხე, ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, მისი სიმარლე დაახლოებით 26 მეტრია და საწყისი ფასი 7 000 ლარს შეადგენს. დმანისის გადარჩენის ფონდის წევრები ამბობენ, რომ აუქციონს შემთხვევით გადააწყდნენ და ფიქრობენ, რომ ამ ხეზე ინტერესი ბიძინა ივანიშვილს აქვს:

“მთავარი გზავნილი არის ის, რომ კონკრეტულად ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს რომ ის პირველია საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს შორის. აუქციონი გამოცხადდა 300 წლოვან ხეზე იმიტომ, რომ მან შეიძინოს ის. თითოეულმა ჩვენგანმა, რომ ვისურვოთ ზეთისხილის ხის შეძენა, თბილისის მერია გამოგვიცხადებს აუქციონს ამ ხის შეწყიდვაზე? არავითარ შემთხვევაში. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები იმიტომ ერთვებიან ამ პროცესში, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ არც ეს ხე და არც ეს ქვეყანა – ერთი ადამიანის არ არის” – ამბობს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.

როგორც დმანისის გადარჩენის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, ფონდი ყველა აუქციონში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესს დაინახავს:

“ამ გზით გვინდა რეალური სახე ვაჩვენოთ, როგორ მუშაობს სახელმწიფო სისტემა, როგორაა მორგებული ყველაფერი ერთ ადამიანზე, როგორი მარტივია მისთვის პროცედურები, როგორი იაფია მისთვის ყველაფერი, როგორ მარტივად შეუძლია მილიარდები იშოვოს და აისრულოს ხუშტურები. მთავარია, ჩვენ ყველა გავერთიანდეთ რომ საქართველომ დაიწყოს სწორი მიმართულებით განვითარება” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

#დმანისისგადარჩენისფონდი კიდევ ერთ აუქციონში ვერთვებით! ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილია მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე

#ხალხიივანიშვილისწინააღმდეგ

Posted by Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე on Tuesday, 27 March 2018

მანამდე, საყდრისის საბადოს მიმდებარე 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ელექტრონული აუქციონი პოლიტიკოსების გამარჯვებით დამთავრდა – მიწაზე წლიური იჯარის უფლება 5 056 320 ლარად გაიყიდა. ეს არის ის თანხა, რომელიც გამარჯვებულმა სუბიექტმა ყოველწლიურად უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს ამ მიწის სარგებლობის სანაცვლოდ. აუქციონში “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაიმარჯვა. სწორედ ის დარეგისტრირდა ონლაინ აუქციონზე შემსყიდველად მას შემდეგ, რაც “დმანისის გადარჩენის ფონდს” აუქციონში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

ტერიტორიის იჯარით განკარგვის უფლების მოპოვებაზე აუქციონის საწყისი ღირებულება 15 000 ლარი იყო, თუმცა საბოლოო ფასმა 5 მილიონს გადააჭარბა. აუქციონი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვა მონაწილეების მიერ ფასის მომატების შემთხვევაში გიორგი ვაშაძე აუქციონზე მცირედით მომატებულ ფასს აფიქსირდება. სწორედ ასე გაიზარდა თანხა 15 000 ლარიდან 5 მილიონამდე

“დმანისის გადარჩენის ფონდი” 14-მდე პოლიტიკური პარტიისგან შედგება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.